დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გელა დუმბაძის განცხადებით, მისი უწყების მიერ წარდგენილი იქნა ათწლეულის გეგმა, რომელის განმავლობაშიც სახელმწიფო თავის ბიუჯეტიდან 5 მილიონ ევროს გაითვალისწინებს, რომ 10 წლის განმავლობაში ლევილის მამულში განხორციელდეს როგორც შატოს, ასევე მისი მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია.
„მოგეხსენებათ, 16 მაისს წარმოვადგინეთ დიდი დოკუმენტი, განკარგულება ლევილის მიმართულებით, ახლა წარმოჩნდა ეს გაწერილი სქემა და ჩვენ შემდგომ ნაბიჯად ველოდებით უკვე პირველი რესპუბლიკის მეთაურების ოჯახებისგან საქართველოსთვის მამულის დაბრუნების, გადმოცემის საბოლოო ხელმოწერას.
მთავრობის რეკომენდაციაა, რომ ეს უნდა განხორციელდეს მიმდინარე წლის 20 სექტემბრამდე და ფაქტობრივად, ეს არის უკვე ფრანგული მხარის გადასაწყვეტი.
პარალელურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ასევე ნოტარიატთან, დეტალების დაზუსტების დონეზე", - განაცხადა გელა დუმბაძემ.