ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ტყუილს და სიცრუის კამპანია უწოდებს, ტელეკომპანია „მთავარის“ წარმომადგენლების განცხადებას, რომ მათ მომსახურე სარეკლამო სააგენტოში შესვლა ზეწოლის განხორციელების მიზნით მოხდა.
"ტყუილია, თავიდან მეც მეგონა რომ "მთავარში" შევიდა საგადასახადო და რა ხდებოდა ვიკითხე. აღმოჩნდა, პროგრამა რომ აგდებს კომპანიებს, ერთ-ერთ კომპანია რომელიც ემსახურება და ახორციელებს „მთავარის“ და არა მარტო „მთავარის“ გაყიდვების მენეჯმენტს, ასეთი კომპანია ამოვარდა და უბრალოდ როგორც სხვა კომპანიებში გაიგზავნა წერილი. ეს არის სიცრუის მინი კამპანია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ "ღამის კურიერში".