საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა სამტრედიის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გია მიქელაძე წარუდგინა.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, გია მიქელაძე წარმატებული ადამიანია, რომელსაც ბიზნესსა და კერძო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.
„იმისათვის, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში მივიღოთ გაცილებით მეტად განვითარებული საქართველო, უფრო მეტი კეთილდღეობა იყოს თითოეული თქვენგანის ოჯახში, პარლამენტში გვჭირდება გამოცდილი ადამიანები. ამიტომ, გვინდა წარმოგიდგინოთ გია მიქელაძე, რომელიც დარწმუნებული ვარ, პარლამენტშიც წარმატებული იქნება. ის იქნება თქვენი სიხარულისა და ტკივილის გამზიარებელი", -აღნიშნა კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივ მოსახლეობას ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პროექტებსა და დაგეგმილ რეფორმებზე მიაწოდა ინფორმაცია.
ასევე, სამტრედიის მოსახლეობას სიტყვით „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ მიმართა.
„გაძლევთ პირობას, რომ საქართველოში ვერასდროს დაბრუნდებიან ისეთი მთავრობები, რომლებიც განსხვავებული აზრისა თუ პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებს შანტაჟით წინააღმდეგობას გაუწევენ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გითხრათ, სამტრედიელებს, სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვიდგები თქვენს გვერდით, ჩემი ქვეყნის, სამშობლოს გვერდით", - აღნიშნა კალაძემ.