დედაქალაქის მერი კახა კალაძე NDI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისთვის მთავარი კვლევა არის ის დამოკიდებულება, რასაც თბილისის მოსახლეობისგან იღებს.
„ჩემთვის ყველაზე დიდი კვლევა არის თბილისელების დამოკიდებულება ჩემს მიმართ, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში ვგრძნობ. ამას ძალიან ვაფასებ და ვუფრთხილდები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ოპოზიციის ბრალდებაზეც, თითქოს თბილისის მერობის სხვა კანდიდატებს კამპანიის ჩატარება არათანაბარ პირობებში უწევთ.
კახა კალაძის თქმით, ის ასრულებს თავის უფლებამოსილებას, როგორც ქალაქის მერი და შესაბამისად, ახორციელებს სხვადასხვა პროექტს.
„გაუგებარია ეს ბრალდება. მე ქალაქის მერი ვარ. ვასრულებ ჩემს უფლებამოსილებას, რომელიც 2017 წელს თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ მომანიჭა. შესაბამისად, ყველა პროექტი, რომელიც მქონდა დაანონსებული – სოციალური, ჯანდაცვის და ინფრასტრუქტურული, ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ბოლომდე მივიყვანთ. ისე გავაკეთებთ, რომ ქალაქში მცხოვრები ყველა ადამიანი კმაყოფილი იყოს და იამაყოს განხორციელებული პროექტებით“, – აღნიშნა თბილისის მერმა.