„ეს პოლიტიკური მოძრაობა ისეთი მასშტაბის და გაქანების არ არის, რომ ჩვენი მხრიდან ასეთ ქმედებებს და დამოკიდებულებებს მერკანტილურადაც კი რაიმე აზრი და გამართლება ჰქონდეს,“ - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე პარტია „საქართველოსთვის" განცხადებას მათი მხარდამჭერების პოლიტიკური ნიშნით დევნის შესახებ.
სარჯველაძის თქმით, გიორგი გახარიას პარტია ყურადღების მიქცევას ცდილობს, „ირგებენ რა მსხვერპლის მანტიას და ვარაუდობენ, რომ ერთგვარ თანაგრძნობას მოიპოვებენ საზოგადოების მხრიდან“.
სარჯველაძე იმასაც ამბობს, რომ ხშირია სიმულაციის მცდელობები.
„გიორგი გახარიას მიერ აღმასრულებელ ხელისუფლებაში მიყვანილი და მასთან ასოცირებული პირები დღემდე მუშაობდნენ, შემდეგ პოლიტიკურ პარტიაში გადასვლა განიზრახეს, რაც მათი არჩევანია, თუმცა სანაქებო საქციელი არ არის ავანსად, ქულების მოსაპოვებლად განცხადებების გაკეთება, რომ თითქოს დევნის მსხვერპლი არიან", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.