„ნაცმოძრაობაში“ შიდაპარტიული დაპირისპირებაა და ამის აშკარა გამოხატულებაა, როდესაც ნაცმოძრაობიდან“ წარდგენილი კანდიდატი სხვა პარტიის საარჩევნო ნომერს აპიარებს, როგორც პროპორციულ სიაში მხარდასაჭერს,“ - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ელენე ხოშტარია და თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია სხვადასხვა საარჩევნო ნომრით არიან წარმოდგენილები, თუმცა მათ ერთი საერთო ბანერი გააჩნიათ. აღნიშნული ფაქტი კი მეტყველებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ განხეთქილებაა.
„ხოშტარია არის საკრებულოს წევრობის კანდიდატი, ანუ პროპორციულ სიაში მათმა ამომრჩეველმა ხოშტარიას პარტიის ნომერი უნდა შემოხაზოს. ამით მელია რას ამბობს?! კი, ბატონო, როგორც კანდიდატს მელიას დაუჭირეთ მხარი, მაგრამ ხმა სხვა პარტიას მიეცით. მსოფლიო ცივილიზებული სამყაროს არჩევნების ისტორიაში, ვფიქრობ, ასეთი პრეცედენტი არ მოიძებნება. ეს კიდევ ერთხელ ბადებს არა თუ ეჭვს, არამედ იმას ადასტურებს, რომ „ნაცმოძრაობაში“ შიდაპარტიული დაპირისპირებაა და ამის აშკარა გამოხატულებაა, როდესაც „ნაცმოძრაობიდან“ წარდგენილი კანდიდატი სხვა პარტიის საარჩევნო ნომერს აპიარებს, როგორც პროპორციულ სიაში მხარდასაჭერ ნომერს. ეს არის უპრეცედენტო რამ და ასეთი საარჩევნო კამპანიით, მით უმეტეს, შორს ვერ გაფრინდებიან“, - განაცხადა მდინარაძემ.
წინასაარჩევნო ბანერებზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ელენე ხოშტარია და თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია სხვადასხვა საარჩევნო ნომრით არიან წარმოდგენილები.