ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა, ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერის მნიშვნელობას, როგორც რეფორმების განხორციელების, ისე COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური სირთულეების დაძლევის მიმართულებით.
მისი თქმით, პარტნიორების მხრიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერის“ გამოყოფა, რამაც ქვეყანას საშუალება მისცა უფრო აქტიურად წარმართულიყო ვაქცინაციის პროცესი.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, მიმდინარე წლის მაისში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის“ ხელმოწერილი საგრანტო შეთანხმება, რომლის საფუძველზეც საქართველო 5 წლის განმავლობაში 330 მლნ დოლარის ოდენობის გრანტს მიიღებს.
შეხვედრაზე მიმოიხილეს ფინანსთა სამინისტროს ფისკალური სამსახურების შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით განხორციელებული პროგრამები.
როგორც ინფორმაციაში აღნიშნული, დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, რომ ორ სტრატეგიულ ქვეყანას შორის კვლავ აქტიურად გაგრძელდება თანამშრომლობა.