logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას არჩევნების მიმართ ინტერესი არ აქვს, ისინი ემზადებიან 3 ოქტომბრისთვის, რომ კვლავ არეულობა დაიწყონ
- +

17 აგვისტო. 2021. 13:10

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენლები ემზადებიან არა თვითმმართველობის არჩევნებისთვის, არამედ არეულობისთვის.

 

შალვა პაპუაშვილის თქმით, ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მათ არ აქვთ წარმოდგენილი საარჩევნო პროგრამა და არ საუბრობენ მოსახლეობის საჭიროებებზე.

 

„ოპოზიციის წინასაარჩევნო ტაქტიკას რაც შეეხება, მგონი, ყველა ცხადად ვხედავთ, რომ ისინი თვითმმართველობის არჩევნებისთვის არ ემზადებიან, ისინი ემზადებიან არევისთვის. მათ ეს ეტყობათ იმაზე, რომ საარჩევნო პროგრამა არ აქვთ წარმოდგენილი, ვხედავთ, რომ საერთოდ არ საუბრობენ იმ საჭიროებებზე, რაც მოსახლეობას აქვს. მეორე, ეს ეტყობათ იმაზე, რომ ჯერ ვერ ასახელებდნენ კანდიდატებს, ვერ პოულობდნენ შესაბამის კანდიდატებს ადგილზე და ბოლოს ვნახეთ მერობის კანდიდატებად პარტიის ლიდერებისა და ნათესავების წარდგენა, რომლებთაც კავშირი არ აქვთ ამ რეგიონებთან.

 

შესაბამისად, აქვე ჩანს, რომ მათ ამ არჩევნების მიმართ ინტერესი არ გააჩნიათ, ისინი ემზადებიან არა 2 ოქტომბრისთვის, არამედ 3 ოქტომბრისთვის, რომ კვლავ არეულობა დაიწყონ. კანდიდატების არ დასახელება, პროგრამის არ წარმოდგენა – თავადვე საუბრობენ, რომ მათი შანსები არის დაბალი. რა თქმა უნდა, აქ გამარჯვებაზე საუბარი ზედმეტია. სექტემბერი იქნება მძიმე. პირადად მე მოველი, რომ ჩვენი ოპონენტების მხრიდან, განსაკუთრებით „ნაციონალურო მოძრაობის“ და მის გარშემო არსებული პარტიების მხრიდან იქნება ნიაღვარი სიბინძურის, დეზინფორმაციის, ყალბი ინფორმაციის. ამიტომ საზოგადოებას მივუწოდებ, მზად იყოს ამისთვის და კრიტიკულად გაანალიზოს ყველა ინფორმაცია, რომელიც, დიდი ალბათობით, სექტემბერში იქნება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner