logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: ის, რომ „ნაცმოძრაობა“ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვებს არ ესწრება, პოლიტიკური პროცესების მიმართ მათ დამოკიდებულებას აჩვენებს
- +

17 აგვისტო. 2021. 14:27

 

 

ქართული ოცნების" დეპუტატის მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვებს არ ესწრება, პოლიტიკური პროცესების მიმართ მათ დამოკიდებულებას აჩვენებს, რაც კარგი არ არის. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური აქტორი ვალდებულია ჩართული იყოს იმ პროცესში, რასაც კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა ჰქვია.

 

„როგორც ჩანს, მათთვის უფრო მნიშვნელოვანი საკითხები არსებობს. სამწუხაროდ, ეს მერკანტილური საკითხებია, ვიდრე კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა და დისკუსია, რომელიც ამ საკითხების ირგვლივ წარიმართება. ეს რა თქმა უნდა, კარგი არ არის. ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური აქტორი ვალდებულია ჩართული იყოს იმ პროცესში, რასაც ჰქვია კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა. რაც შეეხება 19 აპრილის შეთანხმებას, ამაზეც უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა. ძირითადი მიზეზი, რის გამოც ამ დოკუმენტმა საკუთარი ფუნქცია ვერ შეასრულა, იყო დესტრუქციულობის არანორმალური ხარისხი, რომელიც ამ დოკუმენტის გამოყენებით სწორედ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოავლინა“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

მისი შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ამა თუ იმ პოლიტიკურ საკითხზე პრინციპული დამოკიდებულებითა და პოზიციით ნაკლებად გამოირჩევა.

 

„რაც შეეხება შინაარსს, ვის შეიძლება აწყობდეს ან არ აწყობდეს, პასუხი ნათელია, ვინც დაინტერესებულია პოლარიზების ხარისხის შენარჩუნებით საზოგადოებაში, მისთვის ალბათ, არ არის სასურველი ბარიერის ცვლილებაზე საუბარი, ისევე, როგორც ფრაქციებისთვის მეტი შესაძლებლობის გაჩენით. რაც შეეხება საკითხს, სწორი ინტერესი ვის შეიძლება ჰქონდეს, მას, ვინც პოლიტიკური პლურალიზმით ზოგადად დაინტერესებულია. ამ შემთხვევაში მმართველი პარტია ნამდვილად დაინტერესებულია, რომ ქვეყანაში პლურალიზმის რაც შეიძლება მაღალი ხარისხი არსებობდეს და რაც შეიძლება მაღალი წარმომადგენლობა იყოს საზოგადოებაში არსებული გაწყობებისა და პრეფერენციებისთვის“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

მისი თქმით, კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვები დღესაც გრძელდება.

 

„დღეს უკვე თბილისში იმართება შეხვედრა, წარმოდგენილია საზოგადოება, მათ შორის ისეთი წრეებიდან, რომელსაც უშუალო შეხება აქვს კონსტიტუციურ პრინციპებთან, ზოგადად, კონსტიტუციის ტექსტზე მუშაობის გამოცდილება და ველოდებით, რომ სიღრმისეული განხილვა იქნება იმ ცალკეული საკითხების, რომელსაც კონსტიტუციაში შესატანი ცვლილება მოიცავს“,- აღნიშნა სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner