logo_geo
eng_logo
ცესკო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- +

17 აგვისტო. 2021. 17:44

 

 

მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის 73 საარჩევნო ოლქის 3 664 საარჩევნო უბანზე არსებულ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის 29 312 ვაკანტურ ადგილზე სულ დარეგისტრირდა 31 483 კონკურსანტის განაცხადი. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

 

როგორც ცესკო-ში აცხადებენ, მათგან 903-მა კონკურსანტმა არჩევის პროცესში ვერ მიიღო მონაწილეობა, რადგან ბოლო საერთო არჩევნებზე ისინი პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრები იყვნენ, რაც საკანონმდებლო რეგულაციების მიხედვით აკრძალულია.

 

„ამასთან, საოლქო საარჩევნო კომისიების 145-მა წევრმა, კონკურსანტებთან ახლო ნათესაური კავშირის დადასტურების გამო, კომისიის წევრების არჩევის პროცესში არ მიიღეს მონაწილეობა 155 საარჩევნო უბანზე. მნიშვნელოვანია, რომ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების 29 086 წევრიდან 21 513 (98.26%) არჩეული იყო მაღალი კვორუმით, რაც იმას ნიშნავს, რომ 98,26%-ს კონკურსანტებისას უმეტეს შემთხვევებში როგორც პროფესიული ნიშნით არჩეულმა ისე პარტიული ნიშნით დანიშნულმა საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებმა დაუჭირეს მხარი; კერძოდ: 17 ხმით - საუბნო საარჩევნო კომისიის 2 წევრი; 16 ხმით - საუბნო საარჩევნო კომისიის 5 წევრი; 15 ხმით - საუბნო საარჩევნო კომისიის 719 წევრი; 14 ხმით - საუბნო საარჩევნო კომისიის 4 102 წევრი; 13 ხმით - საუბნო საარჩევნო კომისიის 9 391 წევრი; 12 ხმით - საუბნო საარჩევნო კომისიის 11 511 წევრი; 11 ხმით - საუბნო საარჩევნო კომისიის 2 872 წევრი; 10 ხმით - საუბნო საარჩევნო კომისიის 458 წევრი; ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ასარჩევად საჭირო მინიმალური კვორუმით - 9 ხმით, არჩეულია მხოლოდ 26 წევრი.

 

აღსანიშნავია, რომ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებიდან 99.99%-ს არ უფიქსირდება ბოლო 1 წლის განმავლობაში საარჩევნო ადმინისტრაციაში საქმიანობისას დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. არჩეულ პირთა შორის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსით მუშაობის გამოცდილება აქვს და 2012 წლიდან, ბოლო 7 საერთო არჩევნებზე ერთხელ მაინც მონაწილეობა მიუღია 20 401 პირს, რაც საერთო რაოდენობის 70.14%-ია.

 

ამასთან, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დიდი ნაწილი ცესკოს საგანმანათლებლო პროექტების მონაწილეა. კერძოდ, საუბნო საარჩევნო კომისიის ახლადარჩეული წევრებიდან 13 296 „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსების“ მონაწილეა, 255 -”საარჩევნო განვითარების სკოლების“, ხოლო 37 - „ახალგაზრდული ბანაკების“ კურსდამთავრებული ახალგაზრდაა.

 

ზემოაღნიშნული ნათლად ასახავს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესში გაითვალისწინეს ცესკოს მიერ გაცემული დამატებითი რეკომენდაციები. აღსანიშნავია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომებზე, სადაც მოხდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევა, დასწრების შესაძლებლობა ჰქონდა ყველა უფლებამოსილ პირს.

 

შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისიებში გამართულ სხდომებს ესწრებოდა 94 ადგილობრივი დამკვირვებელი, ასევე 44 საარჩევნო სუბიექტის და 7 მედიასაშუალების წარმომადგენლები“,- აღნიშნულია ცესკო-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner