საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩხოროწყუში განაცხადა, რომ ერთი მხრივ, მთავრობა თანმიმდევრულად უახლოვდება ევროპას და ევროატლანტიკურ ოჯახს, მეორე მხრივ კი, ხორციელდება პრაგმატული პოლიტიკა უშუალო მეზობლებთან.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, დღევანდელი მთავრობა არის ერთადერთი ეროვნული მთავრობა, რომელიც გამოდის საქართველოს ინტერესებიდან და, რომლის მიზანია მოქალაქეების განვითარება უსაფრთხო გარემოში.
„რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების გარეშე საქართველოში უსაფრთხოება ვერ იქნება. სწორედ ამიტომ ჩვენი მთავრობა არის ერთადერთი და ეროვნული მთავრობა, რომელიც გამოდის საქართველოს ინტერესებიდან და, რომლის მიზანია მოქალაქეების განვითარება უსაფრთხო გარემოში. სწორედ ამიტომ გვჯერა, რომ ჩვენი მთავრობა, ჩვენი გუნდი, რომელსაც თქვენ ხედავთ, რომელთანაც იკრიბება ყველა კონსტრუქციული ძალა ქვეყანაში, რომელსაც ჩვენი ქვეყნის განვითარება სურს, არის ერთადერთი უალტერნატივო გუნდი, რომელიც შეძლებს ამ მიზნების განხორციელებას. ამ გუნდთან უნდა დადგეს ყველა, მაგრამ ჩვენ არ გვჭირდება გახლეჩილი საქართველო, ჩვენ არ გვჭირდება დაპირისპირებული საქართველო, ჩვენ არ გვჭირდება მუხლებზე დაჩოქილი საქართველო, ჩვენ გვჭირდება წელში გამართული ქართველი კაცი, ქართული ოჯახით, რომელიც ჩვენ ქვეყანას განავითარებს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.