თმის ღერით ნარკოტესტის ჩატარებაზე ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის განყოფილების უფროსმა ელენე კავსაძემ, „ქრონიკასთან“ კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, თმის ღერით ნარკოტესტის ჩატარება ნაკლებად პროდუქტიულია.
„თმა თუ არის მოკლე, ამ შემთხვევაში ნარკოტესტი პროდუქტიული არ იქნება. თმა 2-3 სანტიმეტრის სიგრძის მაინც უნდა იყოს თმის ღერი, რომ იმან მოგვცეს შედეგი მის შემადგენლობაზე. თუ სამი სანტიმეტრისაა თმა, ამ შემთხვევაში სამი თვის განმავლობაში მიღებულ ნარკოტიკს აჩვენებს.
ნარკოტიკებზე თმის ღერის ტესტირებას 100%-იანი შედეგი არ აქვს. ბოლო მონაცემებით, რაც ლიტერატურაში შეგვიძლია მოვიძიოთ დაახლოებით 65%-ია მისი სანდოობა. ასევე მნიშვნელობა აქვს იმას, რამდენად სისტემატურად მოიხმარს პიროვნება ამა თუ იმ ნივთიერებას. ეპიზოდური მოხმარების დროს თმის ღერის გამოკვლევა არაა პროდუქტიული და არაა სანდო“, - აღნიშნა კავსაძემ.