„ნაციონალური მოძრაობის" და საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები ძალიან ხშირად ემთხვევა ერთმანეთს", - ასე გამოეხმაურა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძე პრეზიდენტის პრესსპიკერის ეკა მიშველაძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, რა კავშირი აქვს კორცხელის ინციდენტთან „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის უფროს კახა კალაძეს".
„გამოძიების პროცესში თუ გამოვლინდა, რომ დამატებით ვინმეს დაკითხვაა საჭირო, მათ შორის კახა კალაძის, აქ ვერანაირი აჟიოტაჟის საფუძველს ვერ ვხედავ. თუ გახდა საჭირო კალაძის დაკითხვა, ბუნებრივია, პროკურატურა მას დაჰკითხავს. ნებისმიერი მოქალაქე კანონის წინაშე თანასწორია, თუმცა ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პროკურატურამ. ჩვენი მიზანი და ჩვენი ინტერესია, რომ ეს საქმე იყოს ბოლომდე მიყვანილი, არ იყოს დამოკლეს მახვილივით ჩამოკიდებული წინასაარჩევნო პროცესში და არ აყენებდეს ჩრდილს წინასაარჩევნო კამპანიას", - განაცხადა კობახიძემ.