ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შემდეგ მან ერთი კვირა ათონის მთაზე გაატარა, სადაც საკუთარ შეცდომებზე ფიქრობდა. ამ თემაზე მთავრობის მეთაურმა გადაცემაში „ნოესთნ“ ისაუბრა. მისი თქმით, ათონზე გატარებული დრო მას ძალიან დაეხმარა.
„როცა მე გადავდექი, შეგნებულად წავედი ათონის მთაზე და შობას შევხვდი იქ, ერთი კვირა წავედი. მარტო წავედი, რომ ერთგვარი დეტოქსი განმეცადა. რა თქმა უნდა, იქ გაქვს შესაძლებლობა, რომ განმარტოვდე და შენს თავთან ჩაიკეტო და ჩემს თავთან დავიწყე ჭიდილი.
არ დაგიმალავთ, გადავდექი თუ არა, ძალაუფლება და პოლიტიკა იმდენად ძლიერი ცდუნებაა, რომ ყოველთვის გეძახის, მაგნიტია. აქ რეალურად შენს თავს კარგავ. დამერწმუნეთ, ამის დამარცხება ძალიან რთულია. გეტყვით ჩემს საიდუმლოს, როგორ გავაკეთე ეს. პირველი იყო საკუთარ თავთან ბრძოლის გამოცხადება და ყველა შეცდომის, ყველა ჩემი ნაბიჯის გაანალიზება. მაშინ დავინახე ჩემი ხარვეზები, ჩემი შეცდომები, ყველაფერი. მათ შორის სხვების შეცდომები, მაგრამ საბოლოო ჯამში მივდიოდი მაინც ჩემს შეცდომასთან, იმიტომ რომ ალბათ მე მოვაკელი ყურადღება. უფრო მეტი კონტროლი უნდა მქონოდა, ნაკლები ემოციურობა იყო საჭირო და უფრო მეტი ცივი პრაგმატიზმი.
და მეორე, ალბათ ყველაზე მთავარი ამ შემთხვევაში არის სიყვარული, რომელიც ყველაფერს გადაწონის. შეიძლება გაჰყვე ამ ცდუნებას და მერე უცებ ბრუნდები რეალობაში. და რეალობა რა არის? შენი ოჯახი. გახსენდება შვილები, მეუღლე, მშობლები, ახლობლები. ის ადამიანები, რომლებიც შენთვის ძვირფასნი არიან, ვინც ძალიან ბევრი სიკეთე გაგიკეთა. ეს ემოცია ერთვება შემდეგ და რეალურად ეს გადაგატანინებს ცდუნებას, რომელიც უკავშირდება ძალაუფლებას“, - აღნიშნა პრემიერმა.