„კარგია ის, რომ ვაქცინების მარაგი ქვეყანაში არის შეუზღუდავი“, - ამის შესახებ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, მღელვარება, ვაქცინების შენახვის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა.
„ქვეყანაში არსებული Pfizer-ის მარაგის ნაწილს ვადა ნოემბრის, ნაწილს კი დეკემბრის ბოლომდე აქვს. ნელი ტემპითაც რომ გაგრძელდეს ვაქცინაციას, მის ათვისებას თავისუფლად შევძლებთ. თუმცა ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ამერიკის წამლისა და კვების სააგენტომ გამოსცა ახალი რეგულაცია, რომლის შესაბამისად Pfizer-ის ვაქცინებს, თუ ისინი -90 - -60 გრადუსის პირობებში ინახებოდა, მოქმედების ვადა დამატებით 3 თვე აქვს. ასე რომ, ეს ნამდვილად არ არის სანერვიულო. სანერვიულო არის ის, რომ სწრაფად მოვახერხოთ ყველა იმ პირის აცრა, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, რათა თავიდან ავიცილოთ ახალი ტალღები და გადარჩეს მეტი სიცოცხლე“, - აღნიშნა გაბუნიამ.