„მადლობა მინდა ვუთხრა ყველა ჩვენს მხარდამჭერს, ჩემს ყველა თანაგუნდელს, იმ ადამიანებს, ვინც ამ დღეების განმავლობაში ჩართული იყო ამ საარჩევნო კამპანიაში და ზურგს მიმაგრებდა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
კალაძის თქმით, მისი წინასაარჩევნო კამპანია დედაქალაქისა და თბილისელების საჭიროებებზე იყო მორგებული.
„წინასაარჩევნო პერიოდში უამრავი შეხვედრა გავმართეთ, წარვადგინეთ საარჩევნო პროგრამა „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“. თუ როგორ ვხედავთ ქალაქის განვითარებას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, როგორი წარმოგვიდგენია თბილისი, რა პროექტები უნდა განხორციელდეს და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ერთადერთი პოლიტიკური პარტია ვიყავით და ერთადერთი კანდიდატი ვიყავით, ვინც რეალურად საუბრობდა თბილისზე და ვისაც ჰქონდა რეალური საარჩევნო პროგრამა. არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ ეს არის უბრალოდ ლამაზად დაწერილი სიტყვები და ლამაზად მოყოლა. ჩვენ ვართ ის გუნდი, ის ადამიანები, ვისაც ზურგს უმაგრებს კონკრეტული გაკეთებული საქმეები ყველა მიმართულებით. მათ შორისაა ურბანული პოლიტიკა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება, რეკრეაციული სივრცეები, საბავშვო ბაღების მშენებლობა, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულება. ორ მილიონზე მეტი თბილისელის მოთხოვნა დახმარების შესახებ დავაკმაყოფილეთ. ვიცით, რომ ეს არ არის საკმარისი, არსებობს გამოწვევები ამიტომაც ამომრჩევლებს ვესაუბრებოდით, რის გაკეთებას ვაპირებთ უბნების, ქუჩების მიხედვით. დღეს ამ ქალაქს სასიცოცხლოდ სჭირდება თითოეული მასშტაბური პროექტის განხორციელება“, - განაცხადა კახა კალაძემ.