„პირველ რიგში, მინდა მადლობით დავიწყო, მადლობა გადავუხადო თითოეულ თბილისელს, ყველა იმ ადამიანს, ვინც მოვიდა არჩევნებზე და დააფიქსირა თავისი მოქალაქეობრივი ვალი. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მხარდამჭერებს, ჩემს თანაგუნდელებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც პირველივე დღიდან მუშაობდა და ჩართული იყო ამ საარჩევნო პროცესში“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მთელი საქართველოს მასშტაბით „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
„ძალიან ვაფასებ იმ ნდობას, რომელსაც გამოხატავთ ჩემ მიმართ. ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით მოვიპოვეთ დამაჯერებელი გამარჯვება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დაიდო 48%-იანი შედეგი. ასევე ხაზი მინდა გავუსვა, რომ თბილისის საკრებულოში 29 დეპუტატის მანდატი მოვიპოვეთ, თუმცა ამომრჩეველთა გადაწყვეტილებით, თბილისის მერის ასარჩევად მეორე ტური დაინიშნება, რადგან პირველი ადგილის დაკავების მიუხედავად, 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ მოხერხდა. დღეს არ დავიწყებ იმ მიზეზების ჩამოთვლას, რამ გამოიწვია ეს შედეგი - პოლიტიკური პროცესების დაძაბვამ, სხვადასხვა კანდიდატის მხრიდან ხმების გაყოფამ თუ სხვამ. ვიტყვი ერთს, მე პატივს ვცემ ამომრჩეველთა ნებას და ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც თბილისელები საარჩევნო ყუთებთან მიიღებენ. შეიძლება, მეც რაღაც დავაკელი ამ პროცესს, შეიძლება მუშაობის პროცესში ყველა აქტუალურ საკითხზე ვერ გავამახვილე შესაბამისი ყურადღება, ამისთვის ბოდიში, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მზად ვარ, მივიღო მონაწილეობა მეორე ტურში და დარწმუნებული ვარ, თბილისელების მხარდაჭერით და თანადგომით ჩვენ შევძლებთ გამარჯვებას. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს განსახორციელებელი, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება დედაქალაქს, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი აუცილებლად გაიმარჯვებს და ჩვენ ყველა გავიმარჯვებთ“, - განაცხადა კალაძემ.