„უკრაინის ხელისუფლების უფლება და მოვალეობაა, რომ იზრუნოს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეზე, მაგრამ აქ განსხვავებულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ვიდრე მსჯავრდებული სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გახდებოდა უკრაინის მოქალაქე, ის იყო საქართველოს მოქალაქე და პრეზიდენტი. ის დანაშაულები, რომლებზეც მას ბრალი აქვს წარდგენილი და რომელთა გამოც მსჯავრდებულია, აქვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დავით ზალკალიანის თქმით, ყველასთვის ცნობილი იყო, რომ თუ სააკაშვილი საქართველოს საზღვარს გადმოკვეთდა, მყისიერად ამოქმედდებოდა საქართველოს მართლმსაჯულება.
„ეს არავისთვის სიურპრიზი არ ყოფილა. ალბათ, ყურადღებას მიაქცევდით პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებას, რომ მისთვისაც მოულოდნელი იყო. მგონი, მანაც მედიით შეიტყო მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის დატოვების შესახებ. არ არის გამორიცხული, რომ მას უკრაინის კანონმდებლობაც ჰქონდეს დარღვეული და უკრაინის საზღვარი უკანონოდ ჰქონდეს გადაკვეთილი. ეს ჩემი პირადი ვარაუდია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი სამართლებრივ ჭრილში გადაიჭრება, როგორც ჩვენს კანონმდებლობას შეესაბამება და მისი, როგორც მსჯავრდებულის, უფლებები დაცული იქნება“, - აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.