„არ მქონდა იმედი, რომ სააკაშვილი ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგებოდა, დიდი მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს, რომ ასეთი ფაქტის წინაშე დაგვაყენა, ამით მე ჩემს შვილთან პირნათელი მივალ“, - ამის შესახებ მოკლული გიორგი გამცემლიძის დედამ, გულიკო გამცემლიძემ განაცხადა.
„მთელი ცხოვრება მქონდა ოცნება და არ მინდოდა, ამქვეყნიდან ისე წავსულიყავი, რომ სააკაშვილი არ მეხილა დასჯილი, ან თუნდაც მისი დაკავების კადრები არ მენახა, „ქართულმა ოცნებამ” ამისრულა ეს ოცნება, რომლისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ირაკლი ღარიბაშვილს, მთელ „ქართულ ოცნებას“. მივესალმები, რომ პრეზიდენტი იქნება თუ მაღალი თანამდებობის პირი, შესაბამისად იყოს დასჯილი, რომ მომავალმა მთავრობებმა მსგავსი არაფერი გაბედონ. მიუხედავად ჩემი დიდი უბედურებისა, რაც მე დამმართა სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა, ძალიან ბედნიერი ვარ. სისხლიანი რეჟიმი - მხოლოდ ასე მესახება სააკაშვილის მოღვაწეობა იმ 9 წლის მანძილზე და ამას დღესაც აგრძელებენ საბოტაჟის სახით, ორი ნაბიჯი წინ, ერთი უკან - ასე უშლიან სახელმწიფოს განვითარებას ხელს. მე დღეს უკვე დიდი შვილიშვილები მყავს და ნამდვილად არ მინდა ასეთი მთავრობა აირჩიოს ხალხმა, თუნდაც იმ პროცენტით, როგორიც გუშინ დაიდო. არ მქონდა იმედი, რომ სააკაშვილი ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგებოდა, უიმედოდ ვიყავი და დიდი მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს, რომ ასეთი ფაქტის წინაშე დაგვაყენა, ამით მე ჩემს შვილთან პირნათელი მივალ. ისე არ მინდოდა ამ ქვეყნიდან წასვლა, რომ სააკაშვილი არ დასჯილიყო“, - განაცხადა გულიკო გამცემლიძემ.
ინფორმაციისთვის, 2008 წლის 8 მაისს თბილისში საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ვახტანგ აბუაშვილმა 31 წლის გიორგი გამცემლიძე მოკლა.
გამცემლიძის დანაშაული მხოლოდ ის იყო, რომ მან საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია.
ოფიციალური ვერსიით, გამცემლიძე შეიარაღებული იყო და პოლიციელების ბრძანებას, გაჩერებულიყო, არ დაემორჩილა და პოლიციის თანამშრომელმაც სწორედ იმიტომ ესროლა მას, რომ მასში საფრთხე დაინახა.
მანქანიდან გადმოსული გამცემლიძე საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გამოასალმა სიცოცხლეს.