საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ შექმნილ ვითარებაზე კომენტარი გააკეთა.
„ვთავაზობ ბატონ პრემიერს, პრეზიდენტს, საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეებს, არჩევნებამდე დარჩენილ დროში, შევქმნათ ფორმატი სამუშაო ვითარებაში შეხვედრების, ანუ ხელისუფლების ხუთივე შტო ვიმსჯელებთ ინსტიტუტების თავისუფალი მუშაობისთვის.
ეს საშუალებას მოგვცემს, საკითხებს სწრაფად და ეფექტურად გავუმკლავდეთ და თავიდან ავიცილოთ ზედმეტი სპეკულაციები და პოლიტიზირება. საჭიროა, პოლიტიკური პროცესებისადმი მაღალი ნდობის უზრუნველყოფა, ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. თუ რაიმე კითხვებია, მათ პასუხი უნდა გაეცეთ", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი 13:00 საათზე პროკურატურაში დაკითხვაზეა დაბარებული.
პაპუაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლასა და შანტაჟთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინათ გააკეთა განცხადება. სწორედ ამასთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება.
თუმცა პაპუაშვილი მთავარ პროკურატურაში მისვლას პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამდე არ გეგმავს.
ამავე საქმეზე პროკურატურაშია დაბარებული საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლე. მოსამართლე მერაბ ტურავას ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის განცხადების თაობაზე დაიბარეს.
საქართველოს პროკურატურამ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის განცხადებაში მითითებულ ფაქტებზე გამოძიება გუშინ დაიწყო.
„საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება საკონსტიტუციო სასამართლოში სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უხეში ჩარევის, ასევე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და გამოყენების ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის II ნაწილითა და 1571 მუხლის I ნაწილით.
პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიმართ შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების გადამოწმების მიზნით", - აცხადებენ პროკურატურაში.