„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ზუგდიდის #67 საარჩევნო ოლქის #8 საარჩევნო უბანზე შედეგების დათვლის პროცესში, ბიულეტენების მოპარვის სავარაუდო ფაქტზე ისაუბრა.
„ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს სოფიკო ჩვამანია - „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი და ამავე უბანზე საარჩევნო კომისიის წევრი, რომელიც სავარაუდოდ იპარავს ბიულეტენებს.
„საზოგადოების ყურადღებას გავამახვილებთ კიდევ ერთ ფაქტზე, რომელიც სავარაუდოდ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. უბნის ტერიტორიაზე მყოფი პირის მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს და ეს ვიდეო თქვენ გადმოგეცემათ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს, ზუგდიდის #67 საარჩევნო ოლქის #8 საარჩევნო უბანზე შედეგების დათვლის პროცესში, ფიქსირდება ბიულეტენების მოპარვის სავარაუდო ფაქტი. ვიდეოზე ჩანს სოფიკო ჩვამანია - „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი და ამავე უბანზე საარჩევნო კომისიის წევრი, რომელიც სავარაუდოდ იპარავს ბიულეტენებს. ამიტომ, მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს, დაიწყონ გამოძიება და ყველა კითხვაზე დეტალური პასუხი იქნას გაცემული“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.