თეირანმა საქართველოსთან სომხეთის ტერიტორიის გავლით გაზის ექსპორტის შესახებ საცდელი ხელშეკრულება გააფორმა.
ამის შესახებ ირანის ნავთობის მინისტრმა ბიჟან ზანგანემ სომხეთის ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ლევონ ეოლიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც ზანგანემ აღნიშნა, სომხეთის დელეგაცია თეირანში სწორედ საქართველოს მიმართულებით გაზის ტრანსპორტირების შესაძლებლობების განსახილველად ჩავიდა.
„სომხეთი არ არის მსხვილი მომხმარებელი, მაგრამ ეს ირანის გაზის ექსპორტის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ მხრივ სრული ურთიერთგაგება არსებობს", -აცხადებს ზანგანე.
მინისტრის თქმით, სომხეთმა საკუთარი მოხმარებაც გაზარდა და 2018 წლის ბოლოს ერევნის მიერ შეძენილი ბუნებრივი აირის მოცულობა 3 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს.
დღეს ის მხოლოდ 1 მილიონი კუბური მეტრია. ირანისგან ბუნებრივი აირის შეძენის საკითხების მოსაგვარებლად სომხეთში ახალი ორგანიზაცია შეიქმნება, რომელიც როგორც ბუნებრივი აირის შეძენაზე, ასევე საქართველოში მის ტრანზიტზე იქნება პასუხისმგებელი.