პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ევროპარლამენტარების უმეტესობა თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხი არა პოლიტიკურ, არამედ სამართლებრივ ჭრილში უნდა განიხილებოდეს.
„ჩემს ხელთ ნამდვილად არ მოხვედრილა დოკუმენტი, სადაც მიხეილ სააკაშვილზე, როგორც პოლიტიკური პატიმარზე იქნება საუბარი. ბუნებრივია, ყველას გაუჭირდება ამ საქმის ასეთი შეფასება, რადგან საქმე არის სამართლებრივი და ევროპარლამენტარების უმეტესობა, ვისთანაც ჩვენ გვქონდა შეხვედრა, ამას ძალიან კარგად აცნობიერებენ. ისინი თვლიან, რომ ეს არის სამართლებრივი საკითხი და მისი განხილვა სამართლებრივ ჭრილში უნდა მოხდეს. ისევე როგორც ყველა მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილსაც ეკუთვნის სამართლიანი სასამართლო და ამ საკითხზე სხვა დამოკიდებულება ევროპარლამენტარების უმეტესობის მხრიდან ჩვენ არ მოგვისმენია. რაც შეეხება რამდენიმე ევროპარლამენტარის მოსაზრებას, რომ ეს საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადავიდეს, ვერ გეტყვით, რომ ამ იდეას აქვს დიდი მხარდაჭერა ევროპარლამენტში . რა თქმა უნდა, არის რამდენიმე ევროპარლამენტარი, რომელიც ლობირებს თემის ამ მიმართულებით წაყვანას, თუმცა, როგორც ვხედავთ, ჯერჯერობით ეს საკითხი ევროპარლამენტარების მხრიდან მხარდაჭერილი არაა“, - აცხადებს ბოჭორიშვილი.