logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: ოპოზიციას აწყობს, რომ სააკაშვილი იყოს ცუდად
- +

17 ოქტომბერი. 2021. 01:44

 

„ოპოზიციას აწყობს, იძახოს, რომ სააკაშვილი კვდება და ოპოზიციას აწყობს, რომ სააკაშვილი იყოს ცუდად“, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

 

„სააკაშვილი არ არის ცუდად. ყველა პატიმარი არის ცუდად, როდესაც ის ხვდება საკანში და არ არსებობს ბედნიერი პატიმარი. თქვენ გინახავთ ადამიანი, რომელიც საკანში ზის და ბედნიერია? ასეთი არ არსებობს. ყველა პატიმარს რაღაც აწუხებს, მაგრამ არ არის არავითარი საფრთხე იმისა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობას რამე ტიპის სერიოზული რისკი ემუქრებოდეს. ეს დაადასტურა მისმა იმ ექიმმაც კი, რომელსაც თვითონ ყველაზე მეტად ენდობა და მან სულ რამდენიმე საათის წინ, მგონი, გუშინ განაცხადა, რომ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანის არავითარი საფუძველი არ არსებობს. მით უმეტეს, არ არსებობს არავითარი რისკი, რომ ეს ადამიანი დაიღუპოს ციხეში. ეს არის გამოგონილი, რაც მათ აწყობთ. შესაბამისად, უნდა ვიყოთ მშვიდად“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, პენიტენციური სამსახურის შესაბამისი სტრუქტურები და ჯანდაცვის სამინისტრო უნდა იყვნენ და არიან კიდეც ფხიზლად, რისი მაგალითიც მათ არაერთხელ აჩვენეს.

 

„არ მოხდება არაფერი სავალალო და სამწუხარო. ისევე, როგორც არ მოხდა მერაბიშვილის შემთხვევაში, ახალაიას შემთხვევაში, ლილუაშვილის შემთხვევაში და ყველა იმ ადამიანის შემთხვევაში, ვინც მწვალებელი იყო და, ვისაც სასჯელი უნდა მოეხადა. ზოგმა მოიხადა და ზოგი იხდის. არაფერი არ ხდება ტრაგიკული. ციხეში ყოფნა ცუდია, მაგრამ ასეთია სასჯელი“, – განაცხადა წულუკიანმა.

 

ვიცე-პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოება შექმნილი პოლიტიკური ფსიქოზის მსხვერპლია, რაც დიდწილად, იმან გამოიწვია, რომ ხელისუფლებას ძლიერი პოლიტიკური ოპონენტი არ გაუჩნდა, რომელსაც ქვეყნის წინსვლა სურს.

 

„ჩვენ გვყავს ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც არის კრიმინალებით სავსე და, რომლებსაც აქვთ რევანშის სურვილი, როგორ დაიბრუნონ ხინკლის თქვლეფის უფლება და როგორ მიუყარონ თავიანთ საზოგადოებას კუჭები. მათ აი, ეს თქვეს თავისუფლების მოედანზე. ეს ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად გაიგონა, რომ ამ ადამიანების გამოსწორება უბრალოდ, არ იქნება. ალბათ, წარმოგიდგენიათ, ხელისუფლებაში მათი დაბრუნების შემთხვევაში ამ ქვეყანაში რა დატრიალდება. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით იმ დროს, როდესაც გვეყოლება ძლიერი ოპოზიცია, რომელიც რეალურ ოპონირებას გაგვიწევს, რეალურ სისუსტეებზე დაგველაპარაკება და გაუმჯობესების გზებს შემოგვთავაზებს. იმედი მაქვს, ეს 2024 წელს იქნება, ვინაიდან მანამდე არჩევნები არ იგეგმება და კანონით გათვალისწინებული არ არის. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ასეთი ოპოზიცია არ ჩანს. ამიტომ, ის პოლიტიკური ფსიქოზი, რომელიც ქვეყანაში სუფევს, ისევ ჩვენი სამართავია, რომ ამ ქვეყანაში მორიგი სამოქალაქო დაპირისპირება არ მოხდეს“, – განაცხადა წულუკიანმა.

 

შეკითხვაზე, არსებობს თუ არა სამოქალაქო დაპირისპირების რისკები, ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ ასეთი რისკები სულ რამდენიმე დღის წინ არსებობდა და ხელისუფლებამ ის დააზღვია.

 

„ეს იყო პირველი ოქტომბერი, როცა ჩვენმა პოლიციამ და სამართალდამცავმა სტრუქტურებმა შემოპარული, ქვეყნის ყოფილი მთავარსარდალი დააკავეს, რომელსაც ბოროტი გეგმები ჰქონდა. სწორედ ის, რაც ჩვენ თავიდან ავიცილეთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner