ადვოკატმა ირმა ჭკადუამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ 2010 წელს მომხდარი ინციდენტი გაიხსენა, როცა მისივე თქმით, მეგის ქარდავამ ზუგდიდის დინამოს მწვრთნელს ბესო შეროზიას საკუთარი საფლავი გაათხრევინა. ჭკადუას განმარტებით, შეროზია სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა, რადგან მისმა გუნდმა ბოლნისის „სიონთან“ თამაში მოიგო.
„2010 წელს შიდა ეროვნული ტურნირი ტარდებოდა და „ზუგდიდის დინამო“ ხვდებოდა ბოლნისის „სიონს“. ბოლნისს გულშემატკივრობდა დავით კირკიტაძე, რომელიც ამჟამად რუსთავის მერობისთვის იყრის კენჭს, ხოლო ზუგდიდის მხარეს იყო მეგის ქარდავა, რომელიც ახლა პატიმრობაშია. გეტყვით, რა გააკეთა მეგის ქარდავამ. ზუგდიდის მწვრთნელი ბესო შეროზია, აიყვანა ზუგდიდის სასაფლაოზე, გაათხრევინა საფლავი და უთხრა, თქვენ თუ წააგებთ ესაა შენი საფლავიო“, - განაცხადა ირმა ჭკადუამ.
ადვოკატმა გადაცემაში დავით კრკიტაძეზეც ილაპარაკა, რომელმაც, ჭკადუას თქმით, მატჩის შემდეგ მსაჯებს სცემა. „ბოლნისის „სიონმა“ თამაში წააგო, ამის გამო, დავით კირკიტაძემ მსაჯებს საჯაროდ, ტელეკამერების წინ სცემა. ამაზე სიუჟეტები მომზადდა, თუმცა არ გვახსოვს ამისთვის დასჯილი ადამიანები“,- აღნიშნა ჭკადუამ.