გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ონლაინ შეხვედრა გამართა ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) წარმომადგენლებთან და კომიტეტის საქმიანობის შესახებ მათ შეკითხვებს უპასუხა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის გეგმები საკანონმდებლო ცვლილებებისა და საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში, ასევე განისაზღვრა მომდევნო წლების პრიორიტეტები, რომლებიც, როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, სრულ თანხვედრაშია ასოცირების შეთანხმებისა და მდგრადი განვითარების მიზნებთან.
„განვიხილეთ კომიტეტის მუშაობის ძირითად მიმართულებები, როგორიცაა მწვანე ეკონომიკის ზრდა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარება, რომელიც მოიცავს წარმოებაში საუკეთესო გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობას და გულისხმობს გარემოს დაცვითი საკითხების აქტუალიზაციას დიდ ქალაქებში. ასევე განვიხილეთ სხვადასხვა სექტორში გატარებული გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ცვლილებები, რომლებიც ამ სფეროების მართვის ევროპულ პრინციპებსა და სტანდარტებს ნერგავენ და უზრუნველყოფენ ქვეყნის მდგრად განვითარებას“, - განაცხადა მაია ბითაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.