logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: პრემიერის გამოსვლაში ქვეყნის რეალურ გამოწვევებსა და მოსახლეობის უმრავლესობისთვის საინტერესო ყველა საკითხზე იყო საუბარი
- +

28 ოქტომბერი. 2021. 21:45

 

 

ლევან ნიკოლეიშვილის შეფასებით, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყნისთვის და მოსახლეობის უმრავლესობისთვის საინტერესო ყველა მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

 

როგორც ექსპერტმა აღნიშნა, სწორი და ბუნებრივი იყო მოწოდება, რომ მოსახლეობამ ქვეყნის სტაბილურ და მშვიდობიან განვითარებას უნდა მისცეს ხმა.

 

„პრემიერმა ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რაც რეალურად დაგს ქვეყნის წინაშე. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ყველა საკითხი, რაც პრემიერის გამოსვლაში იყო, დაწყებული პოლიტიკური ვითარებიდან, დამთავრებული სოციალური თემატიკით, სწორედ იმ სფეროს განეკუთვნებოდა, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობას აინტერესებს.

ასევე შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული მიმოხილვა იყო წინა ხელისუფლებასთან დაკავშირებით და აბსოლუტურად ბუნებრივი მოწოდება იყო ამომრჩევლისადმი, რომ არჩევნებზე მივიდნენ და ხმა მისცენ იმას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სტაბილურ და მშვიდობიან განვითარებას“, - განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.

 

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პრემიერმა ხაზი გაუსვა ქვეყანაში კანონის უზენაესობის ცნებას და აღნიშნა, რომ ის განურჩევლად თანამდებობისა და ვინაობისა, ყველაზე თანაბრად გავრცელდება.

 

„ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, უნდა ჰქონდეს იმის შეგრძნება, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოს მოქალაქეა, აქედან გამომდინარე, ხელისუფლება უნდა ატარებდეს იმ პოლიტიკას, რომ მისი შიდა საქმეები არის შიდა საქმეები და კანონი ყველასთვის უნდა იყოს დაცული, მიუხედავად იმისა, ვის რა თანამდებობა უკავია, თუ ეკავა, ვინ რამდენად ცნობილია და ა.შ. ეს არის ის პროცესი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ სხვა დემოკრატიულ და განვითარებულ ქვეყნებში“, - აღნიშნა ლევან ნიკოლეიშვილმა.

 

ექსპერტის ვარაუდით, მმართველი გუნდის მიერ ორგანიზებულ შეკრებაზე დაახლოებით 150 000 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან უმრავლესობა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, თუმცა მათ შორის იყვნენ ადამიანებიც, რომელთა პოზიციაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში არ უნდა დაბრუნდეს. შესაბამისად, პრემიერის მიმართვა იყო როგორც პარტიული, ისე წინა ხელისუფლების მიმართ უარყოფითად განწყობილ ამომრჩეველზე.

 

შეგახსენებთ, რომ 27 ოქტომბერს „ქართული ოცნებამ“ თბილისში, თავისუფლების მოედანზე საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეკრება გამართა, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პარტიის სხვა ლიდერებმა მოსახლეობას პირველ ტურში მოპოვებული გამარჯვებისთვის მადლობა გადაუხადეს და მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდეს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner