საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას ვებ-პორტალი: www.elections2021.ge წარუდგინა.
„არჩევნების მეორე ტურზეც ჩვენ წარმოგიდგენთ საარჩევნო პორტალს, რომელზეც არჩევნებთან დაკავშირებული ინფორმაცია განთავსდება, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნულ პორტალზე წარდგენილი იქნება აქტივობის სტატისტიკა, როგორც ამას გარკვეული საათების მიხედვით, როგორც ამას ცესკო აქვეყნებს.
„ამას გარდა, ვინაიდან ჩვენ ვაკვირდებით 20 ოლქის მონაცემებს, ჩაშლილად იქნება წარმოდგენილი ინფორმაცია ოლქების მიხედვით. მომხმარებელი დეტალურად ნახავს, როგორია აქტივობა არჩევნების მეორე ტურში თბილისსა და სხვა რეგიონებში.
ასევე განთავსდება ინციდენტების შესახებ მონაცემები - სადაც არის ძალადობა, ან გარკვეული შელაპარაკებები, ამ ინციდენტების აღრიცხვა მოხდება, როგორ მიმდინარე ისე ამოწურული ინციდენტების შესახებ ინფორმაცია.
კვლავ გვექნება იმედის ლაივი, სადაც მომხმარებლები შეძლებენ, „ტვ იმედის“ მეშვეობით მიმდინარე ინფორმაციას გაეცნონ. 20:00 საათის შემდეგ ჩვენ ასევე გვექნება 20-ვე საარჩევნო ოლქის პარალელური დათვლის შედეგები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ მათ აღნიშნული ინფორმაცია საიტზე მალე ექნებათ.