„ეს არის წაგებული კანდიდატის ნათელი პროვოკაცია. მან იცის, რომ აგებს. დადის უბნებში და ცდილობს მოაწყოს პროვოკაცია. არცერთ ასეთ შემთხვევაზე არ მივცემთ ამის უფლებას. ყველგან ასე, მშვიდად, წყნარად მივალთ, სამართალდამცავი ორგანოები მობილიზებულები არიან და ყველგან იქნება წესრიგი დაცული“, - ამის შესახებ კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა „ქრონიკასთან“ განაცხადა, რომელიც ვაზისუბანში, 62-ე საარჩევნო უბანთან მივიდა.
მისივე თქმით, უბანზე სავარაუდოდ იყო ტექნიკური პრობლემა, რომელიც გვარდება.
„შესაძლოა შესაბამისი საჩივარიც დაიწეროს, მაგრამ მელია პროვოკაციას აწყობს სპეციალურად, რადგან იცის, რომ ეს უბანი წააგო, ისევე, როგორც თბილისის ყველა უბანი. არ მივცემთ ამის უფლებას. კახა კალაძე იგებს დამაჯერებლად ყველა შედეგით და კვლევით და შესაბამისად, ეს გამარჯვება უნდა მივიყვანოთ ბოლომდე“, - განაცხადა ამილახვარმა.
ვაზისუბანში, 62-ე საარჩევნო უბანთან დაპირისპირება იყო. ადგილზე მივიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომამდგენლები, რომლებიც უბანში ელექტროენერგიის გათიშვას აპროტესტებენ. კომისიის წარმომადგენლების განცხადებით, ეს მოკლე ჩართვამ გამოიწვია. ადგილზე ისმის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც.