„NDI-ის კვლევაში ჩვენი პარტიის ადგილი რომ არ ჩანს, უკვე ცხადია, რომ კვლევა გაყალბებულია", - ამის შესახებ პარლამენტის წევრი, პარტიის „ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერი თამაზ მეჭიაური აცხადებს.
„ეს კვლევა არის „ნაციონალური მოძრაობის" დაკვეთა", - ასე გამოეხმაურა მეჭიაური დღეს გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგებს.
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 17% ხმას „ქართულ ოცნებას" მისცემდა, ხოლო 13% - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას".
ამავე კვლევის თანახმად, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 38%-მა არ იცის, 14%-მა პასუხზე უარი განაცხადა, 5% არცერთ პარტიას არ მისცემდა ხმას, 4% - მოძრაობას „სახელმწიფო ხალხისათვის", 3% - „პატრიოტთა ალიანსს", ხოლო სხვა პარტიებს - 7%.
სხვა პარტიებში კი შედიან: „თავისუფალი დემოკრატები", ლეიბორისტული პარტია, „დემოკრატიული მოძრაობა", „გირჩი", რესპუბლიკური პარტია, „თავისუფალი საქართველო", „ქართული პარტია", „ეროვნული ფორუმი", კონსერვატიული პარტია, „ქართული დასი", „მრეწველები", „მემარცხენე ალიანსი" და „ახალი მემარჯვენეები".