„ქართული ოცნება" პარლამენტში სერიოზულ უმრავლესობას მიიღებს", - ამ სიტყვებით გამეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჯოლიანი NDI-ის კვლევის იმ ნაწილს, რომელიც 8 ოქტომბრის არჩევნებში პარტიათა შედეგებს ასახავს.
ჟორჟოლიანის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერთა რაოდენობა უმნიშვნელოა და შედეგობრივი თვალსაზრისით, საპარლამენტო არჩევნებში ამ ორ პარტიას შორის მნიშვნელოვანი სხვაობა იქნება.
„მე არაერთხელ მითქვამს, რომ მეთოდიკის თვალსაზრისით და შეიძლება სხვა თვალსაზრისითაც, ადეკვატური და სათანადო არ არის ის მონაცემები, რომელიც ამ სოციოლოგიურ კვლევას მოჰყვება ხოლმე. მთლიანობაში, ვფიქრობ, რომ სურათი ნათელია, „ქართულ ოცნებას" რეალური კონკურენტი და ალტერნატივა არ გააჩნია, ამას მხოლოდ NDI-ის კვლევაზე დაყრდნობით არ ვამბობ. ნათელია, რომ „ქართული ოცნება" არჩევნებში მნიშვნელოვან უმრავლესობას მიიღებს. რა თქმა უნდა, ელექტრორატის გარკვეული ნაწილი დაკავშირებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან", მაგრამ ეს ძალიან მცირეა", - განაცხადა ჟორჟოლიანმა.
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 17% ხმას „ქართულ ოცნებას" მისცემდა, ხოლო 13% - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას".