ოპოზიციის გარკვეული ნაწილის მიერ საპარლამენტო მანდატების დატოვების საკითხი შეაფასეს მმართველ გუნდში.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების თქმით, დეპუტატების მიერ მანდატების დატოვება საკუთარი ამომრჩევლის წინაშე უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა. მათი განცხადებით, ამ ადამიანების მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა.
„მანდატების დატოვება, შიმშილობა, რევოლუციურ სცენარებზე და სისხლისღვრაზე საუბარი - ეს არის რეალობა, რომელსაც, სამწუხაროდ, ჩვენ დღეს ვუყურებთ. ამ რეალობას სჭირდება საქმიანი პასუხი - იმ პროექტების განხორციელება, რომლებიც მიზნად გვაქვს დასახული“, - აცხადებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი.
„ოპოზიციის ეს მოთხოვნა არც ფორმით და არც საფუძვლიანობით გასაზიარებელი არაა, მიუხედავად იმისა, რომ პროტესტის ფორმა და პროტესტის გამოხატულება ნებისმიერი ადამიანის უფლებაა“, - აცხადებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.