დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს სათანადო ყურადღება მიექცევა და როგორც ყველა პატიმრის, მისი ჯანმრთელობაც უზრუნველყოფილი იქნება.
„პირველ რიგში, იმ ვითარებაზე თვითონ პატიმარი არის პასუხისმგებელი. არავის დაუვალდებულებია შიმშილობა. თუ ჩარევა იქნება საჭირო ექიმების, რა თქმა უნდა, როგორც ყველა პატიმრის, მისი ჯანმრთელობაც იქნება უზრუნველყოფილი. შესაბამისად, პენიტენციური სისტემა მზად არის, ყველანაირი მომსახურება გაუწიოს პატიმარს, თუ მას ამის საჭიროება და აუცილებლობა ექნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება სააკაშვილის მხარდასაჭერად „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხვალისთვის დაგეგმილ აქციას, კალაძე ამბობს, რომ კანონის ფარგლებში ყველას აქვს უფლება, ჩაატაროს აქცია და პროტესტი ამ სახით გამოხატოს.
ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ არანაირი საუბარი არ მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანასთან დაკავშირებით და ამაზე გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„არანაირი მსჯელობა არაა ამასთან დაკავშირებით. სააკაშვილი არის მსჯავრდებული, მას აქვს მისჯილი კონკრეტულ დანაშაულებზე და სხვა საქმეებზე მიმდინარეობს გამოძიება, დაველოდოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.