„ერთიანობა და სიმშვიდე არის ის, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება და ამ პოლიტიკაში, რომელსაც ვატარებთ, მთავარი და წამყვანი როლი აქვთ ჩვენს დიპლომატებს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დიპლომატიის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
კახა კუჭავა დამსწრეებს სიტყვით მიმართა და ყურადღება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების საქმიანობაზე გაამახვილა. მისი თქმით, მიღწეული წარმატებული შედეგების მიღმა სწორედ ამ ადამიანების დიდი შრომა, ჟინი და ძალისხმევა დგას. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დიპლომატის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ეს პროფესია ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია. ასე იყო საუკუნეების მანძილზე და ასე იქნება მომავალშიც, როგორც ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. მე პირადად, საგარეო საქმეთა სამინისტროში ცოტა ხნით, მაგრამ ვმუშაობდი. ეს ჩემი პირველი სამსახური იყო. დღესაც მახსოვს ის უდიდესი პასუხისმგებლობა და სიამაყის გრძნობა, როდესაც ამ შენობაში შევდიოდით და ვცდილობდით, თითოეული წერილი თუ დოკუმენტი, მაქსიმალურად სრულყოფილი და ქვეყნის საუკეთესო ინტერესების გამტარებელი ყოფილიყო. ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული იმ ადამიანის საქმე, რომლებიც სხვა ქვეყნებში დიპლომატიურ საქმიანობას ახორციელებენ. როდესაც ვახორციელებთ საპარლამენტო დიპლომატიას და ეს ხდება, როგორც მეგობრობის ჯგუფების, ასევე, სხვადასხვა დელეგაციების ფორმატში, მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, პროფესიონალიზმი, რომელიც გვხვდება ამა თუ იმ საელჩოში“,- განაცხადა კახა კუჭავამ.
მისივე თქმით, საელჩოებს კიდევ უფრო გაძლიერება სჭირდებათ და ამ მიმართულებით, ბოლო წლების განმავლობაში, ნაბიჯები გადაიდგა.
„მივესალმები იმ პოლიტიკას, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიწყო და კიდევ უფრო გაძლიერებას საჭიროებს. ეს რაც ნიშნავს იმას, რომ საელჩოებს ჰქონდეთ საკუთარი და არა ჰქონდეთ ნაქირავები შენობები. ბოლო წლების განმავლობაში ამ მხრივ გადადგმულია ნაბიჯები, იმისთვის, რომ ყველა სტრატეგიულ ქვეყანაში გვქონდეს ჩვენი საელჩო და მაქსიმალურად გავაძლიეროთ თითოეული ჩვენი დიპლომატი, ვინც იქ მოღვაწეობს“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, დღეს ქვეყანას ყველაზე მეტად ერთიანობა და სიმშვიდე სჭირდება და სწორედ ამ პოლიტიკის განხორციელებაში, წამყვანი როლი დიპლომატებს აქვთ. კახა კუჭავამ აღნიშნა ისიც, რომ ქვეყნის გარეთ საქართველოს ინტერესების დაცვა, პირველ რიგში, დიპლომატების მხრებზეა.
„ერთიანობა და სიმშვიდე არის ის, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება ჩვენ და ამ პოლიტიკაში, რომელსაც ვატარებთ, მთავარი და წამყვანი როლი აქვს ჩვენს დიპლომატებს. შეიძლება ბევრ წარმატებაზე ვისაუბროთ როგორც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით, ისე თავისუფალი მიმოსვლისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების მიმართულებით, რაშიც რა თქმა უნდა, მთელი გუნდია ჩართული - თითოეული სამინისტრო, მინისტრი და ყველა თანამშრომელი. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გაიტანო ქვეყნის გარეთ და დაიცვა საქართველოს ინტერესები, პირველ რიგში, დიპლომატის მხრებზეა და დიდი წარმატებებს ვუსურვებთ. მე აქ ვხედავ გამოცდილ დიპლომატებს, რომელთაც მივესალმები და მადლობას გადავუხდი თითოეულს იმ საქმისთვის, რაც ქვეყნის სახელით და წარმატებისთვის გააკეთეთ“,- განაცხადა კახა კუჭავამ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ წარმატებები უსურვა იმ ახალგაზრდებსაც, რომლებმაც დიპლომატის პროფესია აირჩიეს. მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია საქართველოს ჰყავდეს ძლიერი დიპლომატიური კორპუსი გვყავდეს, „დარწმუნებული ვარ წარმატებულ შედეგებში, მე მჯერა ამ შედეგებში. კიდევ ერთხელ მინდა, მოგილოცოთ ეს დღე და დიდი წარმატებები გისურვოთ ქვეყნის საკეთილდღეოდ“,- მიმართა დამსწრეებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ