„არ შეიძლება პოლიტიკაში, თანამდებობის პირზე, ამ შემთხვევაში მინისტრზე ასეთი უცენზურო სიტყვებით საუბარი. ეს ისევ თქვენს პოლიტიკურ პრესტიჟს ურტყამს, მაგრამ როცა პოლიტიკურად ჟანგმოკიდებული უკვე დაჟანგებულ მიხეილ სააკაშვილს იცავ რაღა პოლიტიკურ პრესტიჟზეა საუბარი“, - ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი გიგი უგულავას მიერ, იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მიმართებით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებას.
„ბიუჯეტის ქურდად წოდებული ქალაქ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა რომელმაც მის მიერ ჩადენილი უკანონობა აღიარა და მიხეილ სააკაშვილისაგან განსხვავებით სასჯელი ყოველგვარი ისტერიკის გარეშე მოიხადა მიხეილ სააკაშვილზე მართალს ამბობდა... მაგალითად: მიხეილ სააკაშვილის შეფასებისას ერთ-ერთ გამოსვლაში მან ყოფილი პრეზიდენტი მანქანას შეადარა - „ჩვენ პოლიტიკოსები ყველანი ვართ მანქანებივით, რომლებიც გემსახურებით თქვენ, როცა ის მანქანა დაკარგავს თავის ფუნქციას, მაგრამ კიდევ გიყვარს, შეიძლება ის დააყენო, და მოუარო, როგორც ანტიკვარს და შემდეგ ოჯახის წევრები შაბათ-კვირას გაასეირნო, მაგრამ თუ ეს ანტიკვარად არ იქცა და თუ ეს მანქანა ისევ გაწუხებს, მაშინ სხვა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღო, მაშინ ეს მანქანა შეიძლება მოისროლო ჯართში“.
სავსებით დავეთანხმე, მის მიერ ჩადენილი უკანონობის აღიარებაც სწორად მივიჩნიე (დღეს ნაციონალური მოძრაობის ყველაზე დიდი პრობლემა პოლიტიკური მოუნანიებლობაა) ვიფიქრე, რომ გიგი უგულავამ თავი დააღწია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ მარწუხებს, მაგრამ შევცდი. ის მიხეილ სააკაშვილს დღესაც თავგამოდებით იცავს და ნაცზე მეტ ნაცობას ამჟღავნებს. მე არ ვიცი რატომ ან რისთვის უღირს მას პოლიტიკურად ჟანგმოკიდებული მიხეილ სააკაშვილის დაცვა, ალბათ კომპრომატებია მის წინააღმდეგ, აბა რა აიძულებს მას მიხეილ სააკაშვილის დასაცავად გამოვიდეს და ხმის წართმევამდე იყვიროს - მიშა! აბა, რა აიძულებს მას გალანძღოს ყველა და ყველაფერი, ისინიც კი ვინც 2017-ში მის ანტიმიშიზმურ განწყობებს იზიარებდა?! დღეს მისი სამიზნე იუსტიციის მინისტრია, მაღალი კვალიფიკაციის მქონე, საკუთარი საქმის პროფესიონალი კაცი, რომელზეც ყოფილი მერი აცხადებს - „ეს ადამიანი არის პატარა ნაბიჭვარი“!- და რატომ?! მხოლოდ იმიტომ რომ რატი ბრეგაძე კანონით დადგენილ მოთხოვნებს ასრულებს და სხვაგვარად ინტერპრეტირებას საშუალებას არ იძლევა?! ან იმიტომ, რომ ტყუილში გამხელთ?! არ შეიძლება პოლიტიკაში, თანამდებობის პირზე, ამ შემთხვევაში მინისტრზე ასეთი უცენზურო სიტყვებით საუბარი.
ეს ისევ თქვენს პოლიტიკურ პრესტიჟს ურტყამს, მაგრამ როცა პოლიტიკურად ჟანგმოკიდებული უკვე დაჟანგებულ მიხეილ სააკაშვილს იცავ რაღა პოლიტიკურ პრესტიჟზეა საუბარი...მიშიზმი დაავადებაა რომელიც არცერთ განმარტებაში არ ჯდება. გიგი, ალბათ დამეთანხმები, რომ 2017 წელს გიგი უგულავა საკუთარ გადაწყვეტილებებსა და განცხადებებში ბევრად უფრო დამშვიდებული, გააზრებული და თანმიმდევრული იყო...მიშიზმი აგიჟებს!“ - წერს მეგრელიშვილი.