„მიხეილ სააკაშვილმა უარი განაცხადა მკურნალობის არსებით ნაწილზე, რომელიც მას უტარდებოდა და შესაბამისად, გაიზარდა რისკი იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულიყო“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„ბუნებრივია, იქმნებოდა მსგავსი ტიპის რისკი და შესაბამისად, ჯანმრთელობის მდგომარეობის რისკის მინიმალიზაციისა და პრევენციის გამო მიღებული იყო ეს გადაწყვეტილება. მიხეილ სააკაშვილი მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში და მასზე შესაბამისად იზრუნებს სამედიცინო პერსონალი. მისი მეთვალყურეობა იქნება უფრო უკეთესი და მჭიდრო, ვიდრე მე-12 დაწესებულებაში. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ეს გადაწყდა მისი უსაფრთხოებისთვის. ჩვენ ყველამ ერთობლივად ვიხილეთ სუს-ის ბრიფინგი, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ თუკი მოხდებოდა პატიმრის სხვა დაწესებულებაში გადაყვანა, ამ შემთხვევაში გამოჩნდებოდა ჯგუფი, რომელიც შეეცდებოდა გზების ჩახერგვასა და ხელის შეშლას“, - აღნიშნა ბრეგაძემ.
მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრო ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც ემსახურება პატიმრის გადაყვანას ამა თუ იმ პენიტენციურ დაწესებულებაში, მისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე იღებს.