მოძრავი გამოფენა – „პანდემია, ისტორია და მსოფლიო“ – ამჯერად თერჯოლაში გაიმართა. პანდემიებისა და პანდემიებთან ბრძოლის მსოფლიო ისტორიული გამოცდილების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის მხარდაჭერით, მოძრავი გამოფენის სახით, კამპანია – „პანდემია, ისტორია და მსოფლიო“ – 22 ოქტომბერს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში გაიხსნა, რის შემდეგაც გამოფენა საქართველოს რეგიონებს ყოველდღიურ რეჟიმში სტუმრობს.
თერჯოლის სპორტის სახლში გამართულ გამოფენაზე ადგილობრივი მოსახლეობა ფართო საზოგადოებისთვის დღემდე უცნობ ისტორიულ საარქივო მასალებსა და ფოტოკოლაჟებს, პუბლიკაციებსა და პანდემიის წინააღმდეგ როგორც საზოგადო მოღვაწეების, ასევე, მედპერსონალის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გაეცნო. გამოფენაზე, ასევე, წარმოდგენილი იყო ბანერი, სადაც დამთვალიერებლებმა თანამოქალაქეებისთვის, სამოტივაციო სლოგანებით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოწოდებები დაწერეს.
პროექტის – „პანდემია, ისტორია და მსოფლიო“ – მიზანია, საჯარო ლექცია-დისკუსიების მეშვეობით, საზოგადოებას უკეთ დაანახოს პანდემიით გამოწვეული პრობლემის არსი და ხელი შეუწყოს ქვეყანაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს. მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ გააცნობიეროს, რომ COVID-19-ის პანდემიის დასრულების ერთ-ერთი მძლავრი იარაღი სწორედ ვაქცინაციაა.