ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ PHR ერთ-ერთი დამფუძნებელი და ბავშვთა და შშმ პირთა უფლებების ადვოკატი ანა აბაშიძე, გიგი უგულავას მიერ აქციაზე გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
უფლებადამცველი პოლიტიკოსებს და მედიას ბავშვებთან მიმართებაში მეტი სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს.
„გიგი უგულავა ემოციებს ვერ აკონტროლებს ხშირად. დღეს აქციაზე დიდი სისულელე გააკეთა. ვინმე აზრიანი არა ხართ მაგის გვერდით? რას აკეთებთ გესმით? გააჩუმეთ ეგ კაცი. მოაშორეთ ტრიბუნას! ვერ მართავს აზრებს როცა ემოციებშია. ჟურნალისტებო, ამ კაცის ოჯახს ნუ ადგებით და შვილებს ნუ იღებთ. რა ჯანდაბა ხდება. არ შეიძლება ასე რამე კარგი გამოვიდეს,“ - აცხადებს ანა აბაშიძე.
პარლამენტთან წუხელ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას გიგი უგულავამ გლდანის ციხის უფროსის მოადგილე გოგა ორდენიძის ოჯახის მისამართითაც ისაუბრა. სიძულვილის ენა მან ამჯერად არასრულწლოვნების მიმართ გამოიყენა. მოგვიანებით თავის შეცდომას მიხვდა და საჯარო ბოდიში სოციალური ქსელის საშუალებით მოიხადა. „კრიტიკას ვიღებ და ბოდიშს ვიხდი. დეტალებში არ შევალ. სჯობს ეს საკითხი არ განვიხილოთ და მოჭრილად ვთქვათ - რომ ბავშვებს გავეშვათ,“- წერს ის სოციალურ ქსელში.