საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის აღორძინების პროექტი შეიქმნა, რომელსაც, კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ირინა ლომინაძე ჩაუდგება სათავეში.
პროექტის საჭიროება კულტურის მინისტრის ქუთაისის ოპერის თეატრში მიმდინარე წლის 15 აპრილს განხორციელებული ვიზიტისას გამოიკვეთა, რის შემდეგაც დაიწყო აქტიური მუშაობა არაერთი მიმართულებით.
პროექტი გულისხმობს როგორც თეატრის შენობის სრულ განახლებასა და თანამედროვე აპარატურით აღჭურვას, ასევე, შესაბამისი ინვესტიციის განხორციელებას თეატრის ადამიანური რესურსით გაძლიერების მიზნით, მაღალი საშემსრულებლო და შემოქმედებითი დონის უზრუნველყოფასა და ქუთაისის საოპერო თეატრის მსოფლიოს წარმატებული თეატრების რიგში ჩაყენებას.
პროექტის შემუშავების პროცესში, კულტურის სამინისტროს განსაკუთრებული დახმარება აღმოუჩინა მსოფლიოში აღიარებულმა ქართველმა მომღერალმა თამარ ივერმა.
დღეს, ქუთაისის ოპერის თეატრის აღორძინების პროექტი პირველ ნაბიჯებს დგამს მსოფლიოში გამოჩენილი მომღერლის, საოპერო რეჟისორის, იმპრესარიო ორლინ ანასტასოვის ვიზიტით, რომელიც კულტურის სამინისტროს მოწვევით ქუთაისში სამუშაო შეხვედრებს იწყებს.
ორლინ ანასტასოვს კულტურის სამინისტროსგან ეთხოვა ქუთაისის ოპერის თეატრში ვიზიტი და ქალბატონ ირინა ლომინაძესთან ერთად კულტურის სამინისტროსათვის ქუთაისის ოპერის თეატრის აღორძინების შესახებ ხედვის მომზადება. 10 და 11 ნოემბერს, ორლინ ანასტასოვი ქუთაისის ოპერის თეატრში 2 სპექტაკლს - ზაქარია ფალიაშვილის ოპერას „აბესალომ და ეთერი“ და პიეტრო მასკანის „სოფლის ღირსებას“ დაესწრება, რომლებსაც თეატრის სოლისტები, გუნდი, ორკესტრი და ქორეოგრაფიული დასი თეატრის მთავარი დირიჟორის რევაზ ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით შეასრულებენ. იგი ასევე სამუშაო ფორმატში შეხვდება თეატრის შემოქმედებითი გუნდის თითოეულ წევრს.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მადლობას უხდის ქალბატონ თამარ ივერს პროექტის მხარდაჭერისთვის, ბატონ ორლინ ანასტასოვს საქართველოში სამუშაო ვიზიტისათვის და იმედს გამოთქვამს, რომ ქუთაისის ოპერის თეატრი ორლინ ანასტასოვის მაღალი ჩართულობით დაიმკვიდრებს იმ ღირსეულ ადგილს, რომელიც მას ეკუთვნის.
ინფორმაცია ორლინ ანასტასოვის შესახებ
გამოჩენილი ბულგარელი მომღერლის (ბანი) ორლინ ანასტასოვის დებიუტი 20 წლის ასაკში შედგა რუსეს (ბულგარეთი) ოპერის სახელმწიფო თეატრში ვერდის „აიდაში“ ეგვიპტის ფარაონის როლით. საოპერო მომღერლების ოჯახში დაბადებულმა და აღზრდილმა ანასტასოვმა იმთავითვე მიიქცია ფართო საზოგადოების ყურადღება. 1998 წელს მომღერალმა მოიპოვა ჰრისტო ბრამბოვის საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემია. მისი კარიერის აღმავალობას ხელი შეუწყო 1999 წელს პლასიდო დომინგოს კონკურსში „OPERALIA” გამარჯვებამ, რომლის პირველი პრემიის ლაურეატიც ის გახდა 23 წლის ასაკში. ამავე წელს შედგა ანასტასოვის დებიუტი მილანის „ლა სკალას“ სცენაზე დონიცეტის „სევილიელ დალაქში“ დონ ბაზილიოს როლით. საგულისხმოა, რომ ორლინ ანასტასოვი ყველაზე ახალგაზრდა ბანია, რომელსაც ოდესმე უმღერია ამ თეატრში და შემდგომ წლებშიც არაერთხელ წარდგა მომღერალი ამავე თეატრის მსმენელთა წინაშე. ორლინ ანასტასოვს, რომლის რეპერტუარი საინტერესო და ყოვლისმომცველია, მრავალჯერ აქვს ნამღერი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ თეატრებში: ლონდონის „კოვენთ გარდენში“, ნიუ იორკის „მეტროპოლიტენ ოპერაში“, ვენის „შტაატსოპერაში“, პარიზის „გრანდ ოპერაში“, მადრიდის სამეფო ოპერაში, ლისაბონის „ლისეოში“, პალერმოს თეატრში „მასსიმო“, „არენა დი ვერონაში“ და ა.შ.
ორლინ ანასტასოვს შემოქმედებითი ურთიერთობა აკავშირებს ისეთ დიდ დირიჟორებთან, როგორებიც იყვნენ და არიან კოლინ დეივისი, ლორინ მააზელი, მარკ ელდერი, რიკარდო შაი, დანიელ ორენი, ცნობილ რეჟისორებთან უგი დე ანასთან, პიერ ლუიჯი პიცისთან, დევიდ მაკ-ვიკარასთან.
ბოლო წლებში ორლინ ანასტასოვი საზოგადოების წინაშე არაერთხელ წარდგა საოპერო რეჟისორის ამპლუაში - 2019 წელს საერთაშორისო საოპერო ფესტივალის „არენა სოვერატო“-სთვის ანასტასოვმა დადგა პუჩინის „ტოსკა“, ეს წარმატებული საოპერო სპექტაკლი იქცა მის სარეჟისორო დებიუტად. მას შემდეგ მოუხდა სხავადასხვა ოპერების დადგმა ისრაელში, იტალიაში, საფრანგეთში, მალტასა და იაპონიაში.
შემოქმედებითი საქმიანობის პარალელურად, ორლინ ანასტასოვი წარმატებით ეწევა პედაგოგიურ და საპროდიუსერო მოღვაწეობასაც.
ორლინ ანასტასოვი კარგად იცნობს საქართველოსა და ქართულ კულტურას. მას ქმედითი ხელშეწყობა აქვს აღმოჩენილი ახალგაზრდა ქართველი ხელოვანებისათვის საერთაშორისო ასპარეზზე შემოქმედებითი საქმიანობის დაწყების მიზნით.