„საქართველო არის დემოკრატია - გვჯერა და ველოდებით, რომ ის მოიქცევა ისე, როგორც დემოკრატიული ქვეყანა. ეს ნიშნავს, რომ დაცული იქნება კანონის უზენაესობა და პატიმრის უფლებები“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ სრულად იზიარებს ევროპარლამენტის დელეგაციის მიერ მომზადებულ დასკვნას, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ჩატარებული არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და კარგად ადმინისტრირებული.
„სამწუხაროდ, კორონავირუსით დაინფიცირების გამო ვერ ჩავედი საქართველოში არჩევნების მეორე ტურზე. სრულად ვიზიარებ ჩემი კოლეგების მიერ მომზადებულ დასკვნას, რომლის მიხედვითაც, არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და კარგად ადმინისტრირებული, მაგრამ არის ეს საკმარისი საქართველოსთვის? მე მინდა, რომ შემდეგ არჩევნებზე ყველა ხარვეზი იყოს გამოსწორებული. დრო ამისთვის საკმარისია და საჭიროა სრულად ფუნქციონირებადი პარლამენტი. ამიტომ კიდევ ერთხელ მიწევს თქმა, რომ პარტიული ინტერესები გადავდოთ და მოვახმაროთ ენერგია ქვეყნის ევროპულ მომავალს. თბილისში ყოფნისას ბევრ ადამიანს შევხვდი, როდესაც მათთან ვამბობდი, რომ ევროპარლამენტიდან ვარ, უხაროდათ და იწყებდნენ იმის ახსნას, თუ როგორ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება. მოვუწოდებ ქართველ პოლიტიკოსებს, მოუსმინონ ქართველ ხალხს. საქართველო არის დემოკრატია - გვჯერა და ველოდებით, რომ მოიქცევა ისე, როგორც დემოკრატიული ქვეყანა. ეს ნიშნავს, რომ დაცული იქნება კანონის უზენაესობა და პატიმრის უფლებები. ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით და ვთხოვთ ხელისუფლებას, ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგას ყოფილი პრეზიდენტის უფლებების დასაცავად. ველოდები სასამართლოს პროცესებს. მე ვერ მოვუწოდებდი მიხეილ სააკაშვილს რა გააკეთოს და რა არა. ეს მან უნდა გადაწყვიტოს , მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ მის ჯანმრთელობას და საქართველოს ეროვნულ ინტერებს პირველ ადგილზე დააყენებს“, - აცხადებს მარინა კალიურანდი.