ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტმა, მაკა ბოჭორიშვილმა ქ. ბრიუსელში მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის მიერ ერთობლივად ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში.
შეხვედრას უმასპინძლეს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მმართველმა დირექტორმა, მიხაილ ზიბერტმა და ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის აღმოსავლეთ სამეზობლოსა და ინსტიტუციური განვითარების დირექტორმა, ლორენს მერედიტმა.
შეხვედრისას, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მიმდინარე წლის 15 დეკემბერს დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მზადებასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე.
საუბარი შეეხო ევროკავშირის მიერ მიმდინარე წელს შემუშავებულ ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას, რომლის განხორციელებაც ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირთან ეკონომიკურ და სოციალურ ინტეგრაციას.
მხარეებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის პოსტპანდემიური გაჯანსაღებისა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის ზრდის პროცესში გეგმით გათვალისწინებული ეკონომიკური პაკეტის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა რეგიონში არსებულ მდგომარეობასა და ევროკავშირის ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობაზე.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანა-პრეზიდენტი ევროპარლამენტიდან, ანდრიუს კუბილიუსი, ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის, რეგიონების კომიტეტის, ევროპის საინვესტიციო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის შემუშავებული ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა მომდევნო 5 წლის განმავლობაში 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის გრანტის გაცემასა და რეგიონის სტრატეგიული პროექტებისთვის 17 მილიარდ ევრომდე კერძო და სახელმწიფო ინვესტიციების მოზიდვას გულისხმობს. გეგმა საქართველოსთვის 3.9 მილიარდი ევროს საინვესტიციო რესურსების მობილიზებას ითვალისწინებს, რომლიდანაც 1.175 მილიარდი ევრო გრანტის სახით გაიცემა.