პარლამენტარი ანრი ოხანაშვილი ბოლო დღეებში საპროტესტო აქციებზე ოპოზიციონერ გიგი უგულავას გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება, რომლის თანახმად უგულავამ სამართალდამცველებს, პროკურორებს, მოსამართლეებსა და იუსტიციის მინისტრს შეურაცხყოფა მიაყენა.
ოხანაშვილის თქმით, უღირს და ბინძურ პროვოკაციებს მხოლოდ კანონით უნდა გაეცეს საკადრისი პასუხი:
„წარმოუდგენელი ამორალურობაა, დემოკრატიის პრინციპების ერთგულებას იჩემებდე „პოლიტიკოსი“ და პარალელურად ბინძურ შეურაცხყოფას აყენებდე პოლიციელებს, პროკურორებს, მოსამართლეებს, იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელებსა თუ თანამშრომლებს და აქციიდან ახალისებდე ციხის უფროსის მოადგილის შვილებზე ფსიქოლოგიურ ტერორს!
ადამიანურ მხარდაჭერასა და პატივისცემას ვუდასტურებ იუსტიციის მინისტრს, თითოეულ პოლიციელს, პროკურორსა და მოსამართლეს, ციხის თითოეულ თანამშრომელს და მათ ოჯახებს! უღირს და ბინძურ პროვოკაციებს მხოლოდ კანონით უნდა გაეცეს საკადრისი პასუხი!“ , - აცხადებს ოხანაშვილი.