logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: ოპონენტებმა გატაცება დაარქვეს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას - ეს არის დიდი მავნებლობა
- +

11 ნოემბერი. 2021. 13:59

 

 

„ჩვენმა ოპონენტებმა გატაცება დაარქვეს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას, რომელიც გულისხმობს ერთი პენიტენციური დაწესებულებიდან მეორეში პატიმრის გადაყვანას. აქვე განვმარტავთ მიზეზებს რატომ იყო გადაყვანილი პატიმარი სააკაშვილი #12 დაწესებულებიდან #18 დაწესებულებაში“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„საერთოდ როგორ არის შესაძლებელი საუბრობდე სახელმწიფო ინსტიტუციაზე და ერთი პენიტენციური დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანას უწოდო გატაცება. ეს არის დიდი მავნებლობა. აქვე იმასაც გეტყვით, რადგან ეს საზოგადოებას აინტერესებს და ამას არა ჩვენს ოპონენტებს, არამედ საზოგადოებას ვპასუხობ თუ რა იგულისხმებოდა გატაცებაში.

 

როგორც მოგეხსენებათ, სააკაშვილმა უარი განაცხადა მკურნალობის არსებით ნაწილზე და შესაბამისად, რისკი იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულიყო, იყო მზარდი. სწორედ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესების თავიდან ასარიდებლად და მსგავსი რისკების მინიმალიზაციის მიზნით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ იგი #18 დაწესებულებაში გადაეყვანათ, სადაც მასზე სამედიცინო მეთვალყურეობა ბევრად უფრო მჭიდრო იქნებოდა და ეს რისკი სრულად მინიმალიზებული. ის ამჟამად განთავსებულია #18 დაწესებულებაში, რომელიც არის სამედიცინო დაწესებულება და მასზე ზრუნავს კვალიფიციური პერსონალი. ასევე, აქ გასათვალისწინებელი იყო უსაფრთხოების რისკები. ჩვენ მრავალჯერ ვისაუბრეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულ ბრიფინგზე, რომელზეც გახდა ცხადი, რომ დაახლოებით 500-600-კაციანი ჯგუფი გეგმავდა მიხეილ სააკაშვილის სხვა დაწესებულებაში გადაყვანისას ხელშეშლას. ეს გადაყვანა რომ განხორციელებულიყო სხვაგან, წარმოიდგინეთ, რა შეიძლება მომხდარიყო“,- განაცხადა ბრეგაძემ.

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.

 

6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა.

 

მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

 

სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა.

 

დღეს კი პენიტენციურმა სამსახურმა №18 დაწესებულებაში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის შესახლების, პალატაში განთავსების კადრები გაასაჯაროვა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner