„ოპოზიციას დაავიწყდა, რომ სტრასბურგი ობიექტური ჭეშმარიტების მხარეს არის და არა ანგაჟირებულ ადამიანთა მხარეს. სტრასბურგის გუშინდელი გადაწყვეტილებით სახელმწიფომ გაიმარჯვა, რომელიც კანონის შესაბამისად მოქმედებს და პატიმრის უფლებებს იცავს“, - ამ სიტყვებით ეხმაურება დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მოთხოვნა პატიმრის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.
ჩიხელიძის თქმით, სტრასბურგმა ოპოზიციას მთავარ არგუმენტი ხელიდან გამოაცალა:
„გვარამიას განცხადებით სტრასბურგის გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ სააკაშვილი შიმშილობს, რაც წინგადადგმული ნაბიჯია, რეალურად კი სტრასბურგმა იხელმძღვანელა ე.წ. პროტოკოლით და სტანდარტული, შაბლონური ტექსტი გამოიყენა, ზუსტად ისეთი როგორიც სხვა, ათასობით შემთხვევაში გამოუყენებია. ოპოზიციის ოპერაცია, „რიგითი სააკაშვილის გადასარჩენად“ ჩავარდა.
სტრასბურგმა ოპოზიციას მთავარ არგუმენტი ხელიდან გამოაცალა, მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა იყო, სტრასბურგმა კი დაადგინა, რომ სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს პატიმრის უსაფრთხოება და ადეკვატური მკურნალობა, ციხეში. აღნიშნულ ვალდებულებას სახელმწიფო ყველა პატიმრის მიმართ (მათ შორის სააკაშვილის მიმართ) კეთილსინდისიერად ასრულებს“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.