„თუ საქართველო სახელმწიფოა, მიხეილ სააკაშვილმა სრულად უნდა მოიხადოს კუთვნილი სასჯელი და მისი უსაფუძვლო მოთხოვნების გამო, ხელისუფლებამ ექიმების, პაციენტების თუ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების უსაფრთხოება არასაჭირო რისკის ქვეშ არ უნდა დააყენოს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
მისი თქმით, სადაც არ აღსრულდა სამართალი დამნაშავის მიმართ, პირდაპირი საფრთხე შეექმნა მშვიდობას და სტაბილურობას:
„სადაც არ არის სამართლიანობა, იქ არ არის მშვიდობა - საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ამ მარტივი ჭეშმარიტების საუკეთესო დასტურია. სადაც არ აღსრულდა სამართალი დამნაშავის მიმართ, პირდაპირი საფრთხე შეექმნა მშვიდობას და სტაბილურობას, რაც ქვეყნის შეუფერხებელი განვითარების აუცილებელი პირობაა. „ქართული ოცნება“ ამას აღარასოდეს დაუშვებს! სამართალი აღსრულდება ყველა იმ პირის მიმართ, რომელსაც დანაშაული აქვს ჩადენილი!“ - აღნიშნულია ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.