„უცნაური მდგომარეობა ჩამოყალიბდა, როცა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხებზე პოლიტიკოსები უფრო აქტიურობენ და მაღალ მოთხოვნებს აყენებენ, ვიდრე ექიმები“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
სერგეენკო მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე იზრუნონ ექიმებმა და არა – პოლიტიკოსებმა.
„ერთობ, სულ მცირე უცნაური მდგომარეობა ჩამოყალიბდა, როცა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხებზე პოლიტიკოსები უფრო აქტიურობენ და მაღალ მოთხოვნებს აყენებენ, ვიდრე ექიმები. მგონია, ყველაზე გადამწყვეტია, რომ სამოქალაქო და სასჯელაღსრულების ექიმები ერთად დასხდნენ და პოზიციაში შეჯერდენენ, რადგან საბედნიეროდ როგორც სასიცოცხლო პარამეტრები, ასევე ლაბორატორიული ინსტრუმენტები, ტესტების პასუხები არის თვლადი და ორმაგ ინტერპრეტაციას ვერ გააკეთებ. მგონია, რომ მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე იზრუნონ ექიმებმა და არა – პოლიტიკოსებმა.
დაწესებულების ექიმი ამბობს, რომ მასზე ზრუნვა მიმდინარეობს და ყველაფერი კონტროლდება. პოლიტიკური საკითხები გვერდზე უნდა გადაიდოს და ერთმანეთში ექიმები უნდა შეჯერდნენ, ამის გაკეთება რთული არ იქნება, თუ ამის ნება იარსებებს და პოლიტიკური ნაწილი ჩამოცილდება, მიუხედავად იმისა, რომ შიმშილობა პოლიტიკური ტრიგელია.
რაც შეეხება მოშიმშილე დეპუტატებს, არ მინდა, მოშიმშილე ადამიანებზე რაღაც შეფასება გავაკეთო, მათ ვუსურვებ, რომ შიმშილობა შეწყვიტობ. სულ მცირე პარადოქსია ჩამოყალიბებული, როცა პოლიტიკოსები უფრო აქტიურობენ ჯანდაცვის საკითხებით, ვიდრე ექიმები. დეპუტატებმა შიმშილობა უნდა შეწყვიტონ და ექიმებს აცადონ, შეჯერებული გადაწყვეტილება მიიღონ, რაც სააკაშვილისთვის საუკეთესოა. ის პოლიტიკოსები, რომლებიც კატეგირიულად ითხოვენ, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, მათი არც თუ მცირე ნაწილი უფრო პოლიტიკურ შემადგენელს უყურებს და მოლოდინი აქვთ, რომ მისი გადაყვანით, პოლიტიკური პროტესტები გააქტიურდება, ამ დროს მის ჯანმრთელობაზე უნდა ვიზრუნოთ“, – განაცხადა სერგეენკომ.