„ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ შიმშილობის გამოცხადება და პროტესტის ეს ფორმები მათი გადასაწყვეტია, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს სწორი ფორმა არ არის. არ მგონია, რომ არგუმენტების წარმოდგენის ნაცვლად, ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენება და გადაწყვეტილების მიღების იძულება, სწორი ფორმა იყოს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილს სასამართლო სხდომაში მონაწილეობის უფლება აქვს, რისი უზრუნველყოფაც მისი დისტანციურად ჩართვის ან სასამართლო სხდომის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამართვის ფორმით არის შესაძლებელი.
„სასამართლოს წინაშე წარდგომის სამი ფორმა არსებობს. ერთი არის ფიზიკურად დარბაზში ყოფნა. მეორე, სასამართლო დარბაზში, ოღონდ დისტანციურად ჩართვის მეთოდით და მესამე არის სასამართლო პროცესის სასჯელაღსრულების დარბაზში გამართვა. სამივე ეს ფორმა განსასჯელის უფლებების დაცვას უზრუნველყოფს და სამივე ფორმა მისი დაცვის უფლების სრულ განხორციელებას წარმოადგენს. ჩვენ მოვისმინეთ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს ამ სამი ფორმიდან ორი – დისტანციური ჩართვა ან პროცესის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამართვა შესთავაზეს. იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სისტემა პროცედურებს სრულად მიჰყვება. სააკაშვილს სასამართლო სხდომაში მონაწილეობის უფლება აქვს, მას გააჩნია დისტანციურად ჩართვის ან სასამართლო სხდომაში ფიზიკურად მონაწილეობა, თუ ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაიმართება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.