„პატიმრის პრივილეგიებით სარგებლობა პირველად გავიგე, ეგეთი რაღაც თუ არსებობდა მსოფლიოში, არ მეგონა. ყველა პატიმარი არის პატიმარი“, - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილი „განსაკუთრებული პატიმარია“.
„ესენი არიან ადამიანები, ვინც ჩადიან დანაშაულს. არ ვიცი განსაკუთრებული, არაგანსაკუთრებული, ადამიანს აქვს დანაშაული ჩადენილი და რა თქმა უნდა, მას მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება იმ ვადით, რაც აქვს მინიმუმ მისჯილი”, - აღნიშნა კალაძემ.
მისივე თქმით, მე-18 დაწესებულებაში, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, მისი ჯანმრთელობის დაცვისთვის ყველანაირი პირობაა დაცული.
„შესაბამისი სამსახურის მხრიდან გაკეთდა განცხადებები. დღეს ასევე მთავარი ექიმის განცხადება მოვისმინეთ, რომ მე-18 დაწესებულებაში, სადაც პატიმარი სააკაშვილი იმყოფება, ყველანაირი პირობებია შექმნილი იმისთვის, რომ მკურნალობა ჩატარდეს თუ ამის აუცილებლობა იქნება. ტექნიკური შესაძლებლობებით ყველანაირად აღჭურვილია. გარდა ამისა შესაბამისი ბრიგადებია, რომლებიც მორიგეობენ, თუ რაიმე საჭიროება და აუცილებლობა იქნება, რა თქმა უნდა, მზად არის შესაბამისი სამსახური, რომ დახმარება გაუწიოს და მისი ჯანმრთელობა იყოს დაცული, როგორც ყველა პატიმრის“, - განაცხადა კახა კალაძემ.