დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას იძულებით გადაადგილებულ 600 ოჯახს გადასცემს. სააგენტოს ცნობით, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ თითოეული ოჯახის საკითხი ღიად და გამჭვირვალედ, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განიხილა. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ზუგდიდში, დამატებით, დევნილთა საცხოვრებელი ორი ნგრევადი შენობა იხურება.
დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც ზუგდიდში ბინები გადაეცემათ, სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„ამასთან, კომისიის გადაწყვეტილებით 172 დევნილი ოჯახი ადმინისტრაციულ დაპირებას მიიღებს, რომლის თანახმადაც საცხოვრებელი ფართები უახლოეს მომავალში, უპირობოდ, გადაეცემათ.
სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდებიან ყველა იმ დევნილს, რომელსაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები გააჩნია. იძულებით გადაადგილებული პირების მიღება ზუგდიდში (თბილისის ქ.N1) 18, 19 და 20 ნოემბერს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე გაიმართება.
დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც ბინები გადაეცემათ შეგიძლიათ იხილოთ დევნილთა სააგენტოს ვებგვერდზე – https://idp.gov.ge/statement-66/“, - აღნიშნულია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციაში.