logo_geo
eng_logo
ბაჩო ოდიშარია: დღეს გამოქვეყნებული წამების ამსახველი მასალა, ალბათ ყველა აქამდე ნანახზე უკეთ აღწერს ნაცების მმართველობის პერიოდს
- +

18 ნოემბერი. 2021. 19:58

 

 

„დღეს გამოქვეყნებული წამების ამსახველი მასალა, ალბათ ყველა აქამდე ნანახზე უკეთ აღწერს ნაცების მმართველობის პერიოდს“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ბაჩო ოდიშარია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

 

„მეგის ქარდავას გადაღებულ ვიდეოს თუ დააკვირდებით, სადაც ადამიანის გინება, ცემა, გაუპატიურების მუქარა და ღირსების სრული აყრა ხდება, კამერის წინ ღვთისმშობლის ხატი დევს.

ანუ, ფასადურად აღმართული ხატის მიღმა, ხორციელდება არაადამიანური წამების აქტები. ასე იფარებდნენ ფასადად ყალბ რეალობას მუდამ ნაცები, აშენებდნენ პოლიციის შუშის შენობებს, რომლის სარდაფებშიც დუბინკებით აუპატიურებდნენ ადამიანებს; ხსნიდნენ კერძო საავადმყოფოებს, რომელშიც ჯანდაცვის სისტემის სრული უფუნქციობის გამო, რიგითი ადამიანი ასტრონომიული ფასების გამო მკურნალობას ვერ ახერხებდა; ხსნიდნენ სკოლებს, რომლის კედლებშიც ბავშვებს „მიშა-მიშას“ აყვირებდნენ, ხსნიდნენ იუსტიციის სახლებს, რომელშიც მარტივად იკანონებდნენ იძულების წესით წართმეულ ქონებებს, გვიყვებოდნენ ზღაპრებს ძალისმიერად მისაკუთრებული ტელევიზიების ეთერებიდან სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაზე და უმოწყალოდ არბევდნენ მშვიდობიან მიტინგებს, რომლის აღმბეჭდავ ფოტოგრაფებს რუსეთის ჯაშუშობის ბრალდებით იჭერდნენ, აშენებდნენ ციხეებს, სადაც წამებით კლავდნენ და ყოველდღიურ რეჟიმში უმოწყალოდ ძალადობდნენ პატიმრებზე, საუბრობდნენ კორუფციის აღმოფხვრაზე და იძირებოდნენ ელიტურ კორუფციაში, იბრალებდნენ კრიმინალთან ბრძოლას და პატრული აქციეს ბესპრიდელშიკ კრიმინალებად, გვპირდებოდნენ თავისუფლებას და ყველა შესაძლო მეთოდით გვიზღუდავდნენ მას, იბრალებდნენ პატრიოტიზმს, რუსეთთან ბრძოლას და უამრავი სტრატეგიული ობიექტი გაყიდეს რუსეთზე და დაგვაკარგვინეს ტერიტორიები.

 

ეს და სხვა მრავალი „ბედნიერება“ ვიგემეთ სააკაშვილის მმართველობისას, ყველაფერი, შუშის ხიდები, შუშის შენობები, ფერადად შეღებილი ძირგამომპალი სახლები, ყველა მაღალფარდოვნად ნათქვამი სიტყვა, იყო ფასადური, რომლის მიღმაც მხოლოდ მანკიერება ხორციელდებოდა. იგივე ტაქტიკა აქვთ ახლაც, პარალელური რეალობა, სადაც თავად არიან ჩაგრულები, ჩვენ კი, მათი ცხრაწლიანი ტერორის მნახველნი - მჩაგვრელები. დღეს, ვინც ამ ჯალათებს და რეიპისტებს მხარს უჭერთ და ამართლებთ, რომელი მოგონილი არგუმენტიც არ უნდა მოიყვანოთ, ჰუმანიზმი, სამართლიანობა, თავისუფლებისთვის ბრძოლა თუ სხვა ტრუიზმები, საბოლოოდ მხოლოდ სააკაშვილის იმ ხელის ბიჭის, მეგის ქარდავას თანამოაზრე, თანამებრძოლი და თანამზრახველი ხდებით, რომელიც ღვთისმშობლის ხატით დამშვენებულ მაგიდაზე, კაცს გაუპატიურებას უპირებს“, - წერს ოდიშარია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner